“ადითის” საავადმყოფოების (რომლებიც ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ფუნქციონირებს) მედპერსონალი, უკვე რამდენიმე თვეა აქციებს მართავს. თანამშრომლებს 2012 წლის დეკემბრის ხელფასი არ აქვთ აღებული. ასევე არ აქვთ აღებული 2013 წლის იანვრისა და თებერვლის ხელფასები. კომპანიას ხელშეკრულება მარტის ბოლოს ეწურებოდა. თუმცა, ექიმები აცხადებენ, რომ “ადითს” ხელშეკრულება გაუგრძელდა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რის საფუველზე გაუგრძელდა კომპანია “ადითს” ხელშეკრულება? მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა:
“ინკოგნიტო ებრაული კომპანიის ოპერატორი კომპანია არის “ადითი”. რომელსაც ხელშეკრულებით ვალდებულებების შესრულების ვადა 29 მარტს ამოეწურა. რეალური პროექტების განმახორციელებელი არის “აიჰოპი” ებრაული კომპანია. “ადითს” ხელშეკრულება არ გაგრძელებია.”
დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გუშინ, ებრაულ კომპანია “აიჰოპის” შესახებ, სამთავრობო კომისიაში უკვე ისაუბრეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ორშაბათს მიიღებენ. “გუშინ, მინისტრებთან და მინისტრის მოადგილეებთან მქონდა შეხვედრა. ეს იყო სამთავრობო კომისია. საუბარი იყო სამედიცინო დაწესებულებების სტატუსის შესახებ. შეხვედრაზე მთავარი თემა, მთელი 70% ამ ებრაულ კომპანიას დაეთმო. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ფინალისთვის, მინისტრებთან საბოლოო შეთანხმებისთვის აღებული გვაქვს 3 დღე. ორშაბათს იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.” -განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 18 მარტს “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით ერთლარიანი, ოფშორული და გაუჩინარებული სამედიცინო ობიექტები სადაც საუბარი იყო ისრაელის სამედიცინო კომპანია “აიჰოპთან” დაკავშირებით.
“2008 წელს ისრაელის სამედიცინო კომპანია “აიჰოპი” საქართველოში შემოვიდა. მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის განმარტებით, კომპანიას საქართველოს 27 რაიონში, “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტის ფარგლებში, ახალი საავადმყოფოები უნდა აეშენებინა.
“ეს არის ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიას უძრავი ქონება მხოლოდ აუდიტორულად დამოწმებული წინასწარგანსაზღვრული ინვესტიციის გახორციელების შემდეგ გადაეცემა“, _ განაცხადა მაშინ ნიკა გილაურმა.თუმცა, “აიჰოპმა” აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2010 წლის ივლისში, კომპანია “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამოაშორეს. ამის შესახებ, იმდროინდელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაალექსანდრე კვიტაშვილმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:
_ “აიჰოპს“ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება გაუუქმდა. თუმცა, თუ კომპანია დაფინანსების წყაროს მოიძიებს დაპროექტის გახორციელებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, მთავრობა მასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება, _ აღნიშნა კვიტაშვილმა.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მთავრობას “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტი ჩავარდა და საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის დასარეგულირებლად ახალი პროექტი შესთავაზეს. გამოაცხადეს ტენდერი, რომლის თანახმად, გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს ახალი ობიექტების მშენებლობა დაევალათ. ტენდერში გამარჯვებული ფირმებიდან, ერთ-ერთი იყო შპს “ადითი”, რომელიც, მთავრობის მიერ გაკრიტიკებული “აიჰოპის” შვილობილი კომპანიაა. “ადითმა” მოახერხა და საავადმყოფოები საქართველოს 9 ქალაქში შეიძინა _ მათ შორის, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. უცნობია, რა გადაიხადა ებრაულმა კომპანიამ საავადმყოფოებში და რა ვალდებულებები აქვს აღებული მას სახელმწიფოს წინაშე.
“ადითმა” საავადმყოფოებში შესვლისთანავე მედპერსონალს ხელფასები გაუნახევრა; ბოლოს კი კადრებიც მინიმუმამდე დაიყვანა. 2011 წლის 31 დეკემბერს, შპს “ადითმა” ჩოხატაურის საავადმყოფოდან 25 თანამშრომელი გაუშვა, დარჩენილებს კი ხელშეკრულებები შეუცვალა.”