როგორც ნათიას დედა მაყვალა ბურკაძე ამბობს, ნაყოფის დაღუპვის მიზეზი ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალის გაფიცვაა.
_ ერთი კვირის წინ მივიდა საავადმყოფოში, გაციებული იყო. გაფიცულები ვართო და ოზურგეთის საავადმყოფოში გადაამისამართეს. სხვის სახლში ცხოვრობენ და საშუალება არ აქვთ, ამიტომ, ოზურგეთში ვერ წავიდნენ. ვიფიქრეთ, მუცელი ატკივდება და სასწრაფოთი წავიყვანთო, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მაყვალა ბურკაძე.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, გართულებული კომუნიკაციის გამო, მოსვლა დააგვიანდა:
_ 112-ზე უნდა დარეკო, მერე აქეთ უნდა გადმორეკონ. ამ დარეკვებში დრო გადის და სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გვიანი იყო.
ნათიას დედის ინფორმაციით, ჩოხატაურის საავადმყოფოში მიყვანილ ახალნამშობიარევ ქალს, ოზურგეთის საავადმყოფოში გადაყვანაში სადაზღვევო კომპანია “ალფამ” 250 ლარი მოსთხოვა.
_ ფულზეა ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული? საავადმყოფოში მითხრეს, ემოციებს ნუ აყვებითო. 9 თვე მუცლით რომ შვილს ატარებ და დაგეღუპება, მერე შენ სიცოცხლესაც რომ საფრთხის ქვეშ დააყენებენ ფულის გამო, რეაქცია არ უნდა გვქონდეს? იქნებ, ვერ ასწრებს ადამიანი ოზურგეთში ჩასვლას და სად უნდა იმშობიაროს?! _ ამბობს მაყვალა ბირკაძე
_ თქვენ ფიქრობთ, რომ საავადმყოფოს გაფიცვამ განაპირობა თქვენი შვილიშვილის დაღუპვა?
_ მაგას ვფიქრობ. ჩემი შვილისთვის ექიმებს შეეძლოთ ეთქვათ იყო და თუ არა სტაციონარში ადგილი. მაგრამ არის განუკითხაობა, უპატრონობა, უყურადღებობა. მთელ საქართველოში ასეა, მაგრამ ჩვენი რაიონისთანა უპატრონო არ არსებობს, _ დასძენს ბირკაძე.
ის, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაზღვეული პაციენტის გადასაყვანად ფული მოითხოვა, ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგმა, მაია პაიჭაძემაც დაადასტურა. პაიჭაძე გამორიცხავს, რომ ნაყოფის დაღუპვა გაფიცვამ გამოიწვია: _ როგორც კი მითხრეს ამ ფაქტის შესახებ, მაშინვე მოვედი. მაღალი წნევა ჰქონდა პაციენტს და გადაყვანას საჭიროებდა. როგორც ვიცი, სადაზღვევო კომპანიამ 250 ლარი მოითხოვა, _ დასძინა პაიჭაძემ.
პაიჭაძის თქმით, ნათია თოდრაძე, გაფიცვის დროს მასთან კონსულტაციისთვის არ მისულა:
_ რა რეჟიმშიც არ უნდა ვიყო, გამორიცხულია, ორსული მოვიდეს და მას ყურადღება არ მივაქციო, _ გვითხრა პაიჭაძემ.
როგორც გავარკვიეთ, ნათია თოდრაძის ოზურგეთში გადაყვანა ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უზრუნველყო.
პაციენტის დედის ინფორმაციით, სასწრაფოს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, ზოია კუჭავამ გადაყვანაში 80 ლარი მოითხოვა და თანხის გარეშე გადაყვანაზე უარი თქვა.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ზოია კუჭავა. მისი თქმით, სასწრაფოს გადაყვანის უფლება არ აქვს და გადაუდებელ შემთხვევაში, შიდა სტანდარტით, კილომეტრზე 10 ლარია გადასახდელი:
_ როგორც ვიცით, სადაზღვევომ დიდი თანხა მოითხოვა. შემდეგ ჩვენ გადავიყვანეთ. თანხა, მართალია, გადასახდელია, თუმცა, საუბარი იმაზე, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდნენ, მისი გადაყვანა არ მოხდებოდა, ტყუილია. პაციენტის სიცოცხლე არანაირ თანხად არ ფასდება, _ ამბობს კუჭავა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
კომპანია “ალფაში”, სადაც თოდრაძე იყო დაზღვეული, ამბობენ, რომ პაციენტის გადაყვანის თანხა რეფერალურმა სამსახურმა კანონდარღვევით მოითხოვა:
_ პაციენტი ჩვენი დაზღვეულია. გადაყვანის თანხა რეფერალურმა სამსახურმა მოითხოვა ხელზე, რაც კანონდარღვევაა და როგორც მითხრეს, აღნიშნული სამსახურის მხრიდან მსგავსი შემთხვევები ხშირია. ჩვენ ჩვენი პაციენტების ყველა ხარჯს ვანაზღაურებთ. ქალბატონი ნათიას ოზურგეთში გადაყვანის ხარჯს, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა განახორციელა, კომპანია “ალფა” დაფარავს, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “ალფას” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ.
რეფერალურ სამსახურში კი ყველაფერს “ალფას” აბრალებენ: _ ეგ თანხა პაციენტს კი არა, “ალფას” მოვთხოვეთ ჩვენ. მაგ ოჯახს თანხას როგორ მოვთხოვდით, ძალიან გაჭირვებულები იყვნენ. ბოლოს ისევ ჩვენი გადასაყვანი გახდა, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას, რეფერალური სამსახურის წარმომადგენელი კახა ჩიხრაძე.
_ როგორც “ალფაში” გვითხრეს, ხშირია შემთხვევები, როდესაც თქვენი სამსახური პაციენტს თანხას ხელზე სთხოვს…
_ მაგათთან ურთიერთობა არ მინდა საერთოდ. “ალფას” 4 თვის თანხა აქვს გადმოურიცხავი. როგორ გავაკეთოთ, აბა, ახლა?
_ პაციენტებს თანხა ხელზე უნდა მოსთხოვოთ?
_ რა ვქნათ, აბა?! ვაძლევთ ქვითარს და შემდეგ “ალფა” გადაუხდის, თუ შესაძლებელია.
_ თუ ეს შეუძლებელია და ადამიანი კვდება, თანხის ხელზე მოცემის გარეშე არ უნდა გადაიყვანოთ?
_ როგორ არ შეიძლება. ისედაც გადაგვყავს და “ალფას” ვალი აქვს უამრავი, იანვრიდან დაწყებული დღემდე.
_ “ალფას” ვალი რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახება, ეს არაფერს ნიშნავს? ამ კონკრეტული მაგალითითაც რომ ვიმსჯელოთ თუნდაც…
_ კონკრეტული შემთხვევით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ მაგისთვის ფული არ მოგვითხოვია _ “ალფას” მოვთხოვეთ.
_ ორი წუთის წინ გვითხარით, რომ ადამიანებს ხელზე სთხოვთ თანხას და აძლევთ ჩეკს, რომელსაც ან გაუნაღდებს კომპანია, ან _ არა.
_ ამ შემთხვევაში ჩვენ პაციენტისთვის ფული არ მოგვითხოვია, _ დაგვიზუსტა ჩიხრაძემ.
აღნიშნულ საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია. მოკვლევას მედიაციის საბჭოც აწარმოებს, რომელიც დაადგენს, გახდა თუ არა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი ექიმების გაფიცვა.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში გაფიცვა მას შემდეგ შეწყდა, რაც “გურია ნიუსმა” აღნიშნული ფაქტი გაასაჯაროვა. უფრო მეტიც, საავადმყოფოს მედპერსონალი ჩვენთან საუბარზე უკვე უარს ამბობს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის ბრძანებით, მათ ჟურნალისტებთან საუბარი აეკრძალათ, ადმინისტრაცია კი კონტაქტზე არ გამოდის _ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩოხატაურის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თემურ კოროშინაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.