“წინა საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდის წევრებისა და ადმინისტრაციის მიმართ კლუბს გააჩნდა მიმდინარე წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანება 59 030 ლარის ოდენობით, გასასტუმრებელი იყო 62 თანამშრომელი, მათ შორის, 25 ფეხბურთელი. აღნიშნული თანხის გაცემა უსახსრობის გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლებელი იყო. საფეხბურთო გუნდი 25-ე ჩემპიონატის დაწყების წინ დატოვა 14-მა ფეხბურთელმა, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ დავალიანების დაუყონებლივ გასტუმრებას. იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც, დავალიანების მიუხედავად, გუნდი არ დაუტოვებიათ. კლუბის ხელმძღვანელობამ არა ერთხელ მიმართა სხვადასხვა ბანკებს კრედიტის თხოვნით, მაგრამ ბანკები უარს ამბობდნენ იმის გამო, რომ კლუბს კისერზე აწევს წინა ხელისუფლების დროს აღებული 400 000 ლარიანი კრედიტი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბატონ ზაზა ურუშაძის ძალისხმევით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილი გაიზარდა 90 ათასი ლარით საფეხბურთო კლუბ “გურიას” სუბსიდირებისთვის, რაც 16 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ საბიუჯეტო ცვლილებაში ასახა. გამოყოფილი თანხით, მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოსთვის სრულად დაიფარა ყველა ტიპის დავალიანება და გაიცა პრემიალური თანხებიც, რასაც ითვალისწინებდა ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ შედგენილი ხელშეკრულების პირობები. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია რიგ საკითხებთან მიმართებაში: კლუბის ძველი ხელმძღვანელობის ნებართვით ორ ფეხბურთელს _ გიგა კვერენჩხილაძეს და მიხეილ კაკალაძეს წინასწარ ჰქონდათ აღებული სახელფასო თანხა და მათ მიმართ არც რაიმე დავალიანება არსებობდა. სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში პრემიალურ თანხებთან ერთად (პლუს კუთვნილი პრემიები თითოეულისათვის _ 200 ლარი) მაისის სახელფასო თანხები გაიცა. ამით საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის “გურიამ” ყველა დავალიანება გაისტუმრა.”