საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი დაწესებულებებში რაიმე ფარული აუდიტის ჩატარებას ემსახურებოდეს.
ცნობისთვის _ 2013 წლის 6 ივლისს, ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში შეტყობინება შევიდა, რომ შენობაში ბომბი იყო. ბომბის ძიება, დაახლოებით, სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო. შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
დღეს მსგავსი შეტყობინება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით შევიდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ნაღმის არსებობა არ დადასტურდა. როგორც შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება დღეს 10:28 საათზე შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, სანდრო ეულის ქ. N5ა-ში “რუსთავი 2”-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს.
გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილება აწარმოებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არაა გამორციხული, ტელეკომპანიაში დღეს განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული იყო: “ვაგრძელებთ მუშაობას. პრინციპში, მუშაობა არც შეგვიწყვეტია. როგორც წესი, ჩვენ ბომბები ვერ გვაჩერებენ. თუ ეს მიზანმიმართული იყო ვინმეს მიერ, იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები გამოიკვლევენ და მკაცრად დაისჯება ის ადამიანი, ვინც დარეკა. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცრუ შეტყობინება ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ეს არის მედიის შეფერხება და საქმიანობაში ხელისშეშლა. ასე რომ, ათმაგად უფრო მძიმეა ის გადაცდომა, რომელიც კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა. მე იმედი მაქვს, ეს ადამიანი იქნება უსწრაფესად გამოვლენილი და სამაგალითოდ დასჯილი, იმიტომ, რომ არა მხოლოდ ჩვენს მედიას ემუქრება ეს”, _ აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება სერიული ხასიათი მიიღოს.
დღესვე, მოგვიანებით, ტელეკომპანია “იმედის” შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება. თუმცა, იგი ამჯერადაც ცრუ აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რუსთავი 2”-სა და “იმედში” ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორების ვინაობა დაადგინა. პირი, ვინც “112-ში” “რუსთავი 2”-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ დარეკა, უკვე დაკავებულია. “იმედის” შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი კი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით.
ყველა ზემოთ ხსენებული ფაქტის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ეს პროცესები არასერიოზულია, თუმცა, შესაძლოა ამის მიღმა ფარულ პროცესებთან გვქონდეს საქმე:
“წლების წინ, ძალიან ხშირად ხდებოდა ასეთი რამეები. ახლა რას მოჰყვა ეს ყველაფერი, არ ვიცი. ამ პროცესს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ეს იმისთვისაა დაგეგმილი, რომ იმ ორგანიზაციებში ჩუმად საბუთების შესწავლა მოხდეს. შესაძლოა, ხალხის გამოყვანის პირობებში ვიღაცა რამეს არკვევდეს, მიმდინარეობდეს რაღაც პროცესი.
დასაფიქრებელია ისიც, რომ “რუსთავი 2” ზედმეტი ყურადღებით მოეკიდა ამას და საინფორმაციოს გამოშვების პარალელურად, მცირე ეკრანზე აჩვენებდნენ რა ხდებოდა შენობასთან. შესაძლოა, “რუსთავი 2”- ის მმამრთველობით სივრცესაც აქვს ეჭვი, რომ იქ რეალურად სხვა პროცესი მიმდინარეობდეს, ვიდრე უბრალო დათვალიერება.
მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი ადამიანია ციხეებიდან გამოშვებული. ისინი ადრე მსგავსი ტიპის ცხოვრების წესით გამოირჩეოდნენ და შესაძლოა, ახლაც ცდილობენ ასეთი “ივენთების” გახორციელებას.
საინტერესოა, ამ პირების დაკავების შემდეგ ანალიზის მოსმენა, თუ რატომ გადასცემდნენ შესაბამისს უწყებებს ცრუ ინფორმაციას და თუ აკავშირებთ ამ პირებს ერთმანეთთან რაიმე,” _ უთხრა “გურია ნიუსს” გამზარდიამ.