“გურია ნიუსმა”გამოკითხა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თუ როგორ აფასებთ წლევანდელ წინასაარჩევნო კომპანიას.
ნინო ბურჯანაძის ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელ დავით ჩხაიძეს წლევანდელი კამპანიის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ გააჩნია.
“საქართველოში იდეალური არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ შარშანდელთან შედარებაც არ შეიძლება. უმნიშვნელო დარღვევები იყო, რომლებზეც ჩვენ მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება. მაგალითად “ქართული ოცნების” შტაბში ჩატარდა კომისიის წევრების ტრენინგები. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგიც გავმართეთ და მასალა შეფასებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს გადავეცით. სხვა აშკარა და უხეში დარღვევის ფაქტები არ დაგვიფიქსირებია. არის კიდევ პლაკატების ჩამოხევის შემთხვევები. წლევანდელი წინასაარჩევნო კომპანია იდეალური არ არის, მაგრამ სხვებზე უკეთესია”.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით ბაქრაძის ლანჩხუთის შტაბის ხელძღვანელი კახა ასკურავა მიიჩნევს, რომ წლევანდელ არჩევნებს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან.
“არაერთ დარღვევაზე მივუთითე. მმართველ პარტიას ხელთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბერკეტი აქვს. მაგალითად “ქართული ოცნება” შეეცადა საოლქო საარჩევნო კომისიის ნეიტრალური 6 წევრის საკუთარი კანდიდატებით დაკომპლექტებას. თუმცა, ეს არ გამოუვიდათ, რადგან საოლქო დადგა თავის სიმაღლეზე.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მაქვს ფოტოები იმ საჯარო მოხელეებისა, რომლებიც მარგველაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. იქ იყვნენ აცანის საბავშვო ბაღის თანამშრომელი, იმყოფებოდა პოლიციელიც. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს თანამშრომელი შესვენებაზე გამოიქცა სამსახურიდან და ერთ საათში ისევ უკან დაბრუნდა? ან ერთი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს რომ მოეცა პასუხი, წინასაარჩევნო შეხვედრაზე შესვენების დროს მივედიო, როგორ მიიღებდით ამ პასუხს? ჩამოიარეთ ლანჩხუთის მაღაზიები და ერთ შემთხვევასაც თუ ნახავთ მარგველაშვილის პლაკატის გვერდით ბაქრაძის პლაკატს გაკრულს, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, მაგრამ ასეთ რამეს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ყველა მაღაზიის პატრონს ეშინია ოპოზიციის ლიდერის პლაკატის გამოკვრა.
პლაკატების ჩამოხევა კიდევ ცალკე თემაა. “ოცნებას” სპეციალური ჯგუფი ჰყავს შექმნილი, რომელიც მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების პლაკატების ჩამოხევითაა დაკავებული. ერთი სიტყვით, ამ წინასაარჩევნო კამპანიას ვერ შევაფასებ როგორც დემოკრატიულსა და სამართლიანს.”
განსხვავებული შეხედულება აქვს “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელ გოგი ხელაძეს. ის წლევანდელ წინასაარჩევნო პერიოდს უპრეცენდენტოდ მშვიდსა და სამართლიანს უწოდებს. მიიჩნევს, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი აბსოლუტურად თანაბარუფლებიან პირობებში იმყოფებდა.
“წინასაარჩევო კამპანია ლანჩხუთში მაღალ დონეზე ჩატარდა. შეხვედრები გვქონდა ყველა სოფელში. არა მგონია, რომ სხვა რომელიმე არჩევნები ასე წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო. ჩვენგან განსხვავებით, არცერთ პარტიას არ ჩაუტარებია შეხვედრები სოფლებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. ეს არის ყველაზე მდიდარი კაცის ყველაზე ღარიბი პარტია. ჩვენს კოორდინატორებს, სხვებთან შედარებით ნაკლები ხელფასი აქვთ, მაგრამ ჩვენ სხვებთან შედარებით მეტი ვიმუშავეთ. ამიტომ, შედეგებსაც შესაბამისს ველით. ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს და დამაჯერებლადაც.”
რაც შეეხება რიგით ლანჩხუთელ ამომრჩეველს, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წელს ნაკლებად იგრძნობა დაძაბულობა და ვნებათღელვა, რაც ჩვეულებრივ ახლავს ხოლმე ამ პროცესებს.