სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების ამ ინიციატივით პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2006 წელს წარსდგა.
რა ხდება 2013 წელს? არჩევნების წინ და პრეზიდენტის მმართველობის დასასრულს? პრეზიდენტის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური შეწყალება – 2013 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა, რა დროსაც 18.000 ათასამდე მოქალაქეს პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოეხსნათ.
მისი ინიციატივის მიხედვით, შეწყალება შეეხო ისეთ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, როგორიცაა: გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, ყაჩაღობა, ნარკოტიკული დანაშაულები და სხვა.
როგორც “ახალგაზრდა ადვოკატები” აცხადებენ: “ასეთ დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალება, საქმეების ინდივიდუალურად შესწავლის და იმის დადგენის გარეშე, რომ მსჯავრდებული თავისი ქმედებით და ცხოვრების წესით ნამდვილად იმსახურებს შეწყალებას, შესაძლოა მოქალაქეებმა აღიქვან, როგორც რიგი მძიმე დანაშაულებისადმი სახელმწიფოს ლოიალური პოლიტიკის გამოხატულება. შეწყალების აქტზე საქართველოს კანონმდებლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამნისტიისგან განსხვავებით, შეწყალება არის საქმის ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე მიღებული აქტი, რასაც წინ უნდა უძღოდეს მსჯავრდებულის საქმის დეტალური გამოკვლევა. პრეზიდენტის ინიციატივა კი აღნიშნულ პრინციპს ეწინააღმდეგება. იმ პირობებში, როდესაც არ მოხდება საქმეების დეტალურად შესწავლა, საფიქრალია, ხომ არ მოახდენს ნასამართლობის გაქარწყლება შემდგომი დანაშაულის ფაქტობრივ წახალისებას – რეციდივის შემთხვევაში დამნაშავისათვის შედარებით ლმობიერი სასჯელის გარანტირებით?”
“გურია ნიუსი” გთავაზობთ მოკლე ფაბულებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებული პირების სისხლის სამართლის საქმეებიდან
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ
ი. კ–შვილი _ მსჯავრდებული სსკ-ს 108-ე მუხლით. მისჯილი ჰქონდა 10 წელი. 2005 წელს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა კ ნ -ძე. სასჯელი შესწყალების აქტით გაუნახევრდა.
მ. ბ–ძე _ მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ზ. ს-ძე. მიესაჯა 17 წელი. შეწყალების აქტით შეუმცირდა სასჯელი 5 წლით. 13. 12. 2012 წელს
ა. მ–შვილი _ მსჯავრდებული 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მ. ჭ-ძეს დანით მიაყენა ჭრილობა. დაზიანების შედეგად მ. ჭ. გარდაიცვალა. მისჯილი ჰქონდა 11 წელი. შეწყალების აქტით გაუნახევრდა. 04. 12. 2012 წელს
დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
გ. ხ–შვილი _ ერთ-ერთ დაბაში ჩაიდინა ნივთების ქურდობა და მანვე მცირეწლოვანის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება ძალადობის გარეშე. მისჯილი ჰქონდა 2 წელი. გათავისუფლდა. 13. 12. 2012 წელს
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
ო. გ–ძე _ სამართალდამცავი ო. გ მსჯავრდებულია არასრულწლოვნის წამებაში, რათა მას ეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული. მისჯილი ჰქონდა 11 წელი. შეწყალების აქტით გაუნახევრდა სასჯელი 28. 12. 2012 წელს.
პრეზიდენტის შეწყალებული ე. წ “ქურდული სამყაროს” წევრები
ე. გ–იანი _ მსჯავრდებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის და ჯგუფური გამოძალისთვის დიდი ოდენობის ქონების მიღების მიზნით. მისჯილი ჰქონდა 24 წელი. შეწყალებული იქნა და გათავისუფლებული საპატიმრო სასჯელის მოხდისგან 2012 წლის 28 დეკემბერს.
ი. ს–ია _ მსჯავრდებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის. მისჯილი ჰქონდა 5 წელი. გათავისუფლდა 2012 წლის 28 დეკემბერს.
ნარკოტიკული დანაშაული
ლ.მ– შვილი _ უკანონოდ გასაღების მიზნით დაუდგენელი პირებისგან შეიძინა 11 წონად დაფასოებული 3,6658 გრ. ჰეროინი. მისჯილი ჰქონდა 14 წელი. გათავისუფლდა 20.10. 2012 წელს.
დ. მ–შვილი _ პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 20,8639 გრ ჰეროინი. მისჯილი ჰქონდა 14 წელი. შეწყალებული იქნა 04. 12. 2012 წელს.
“საქართველოს პრეზიდენტი, წლების განმავლობაში, თავად იყო მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების ინიციატორი და მხარდამჭერი, ხოლო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი მასობრივი შეწყალების ინიციატივით გამოსვლა, ავტომატურად ბადებს ეჭვს, რომ პრეზიდენტის ქმედება არა უბრალოდ ჰუმანური ნაბიჯი, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია იმის გათავისებაც, რომ კოპენჰაგენის ფუნდამენტური დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს სახელისუფლებო და პარტიული საქმიანობის გამიჯვნა და არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება პარტიული მიზნებისათვის. რამდენად შეესაბამება კოპენჰაგენის ფუნდამენტური დოკუმენტის მოთხოვნებს საქართველოს პრეზიდენტის მასშტაბური შეწყალების გადაწყვეტილება? გატარებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდეგ, არის თუ არა 18 000 პირის შეწყალება, უბრალოდ, პრეზიდენტის ჰუმანური გადაწყვეტილება თუ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი? ” _ აცხადებენ “ახალგაზრდა ადვოკატები”.
ამ თემასთან დაკავშირებით “ახალგაზრდა ადვოკატებმა” სადისკუსიო შეხვედრა მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობდნენ მოწვეული სპიკერები, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, უფლებადამცველები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და თემით დაინტერესებული მედია.