“შარშან საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობა ჩვეულერბივად მივიღე. ახლა, 21 ოქტომბერს დამირეკეს საელჩოდან. მითხრეს, რომ საარჩვენო სიიდან ამოღებული ვარ და არჩევნებზე მისვლით თავი არ შევიწუხო. თუმცა, მიზეზი საკონსულოში არ განუმარტავთ. ჩემსავით გაურკვეველ მდგომარეობაში კიდევ 30 ადამიანია და ეს მხოლოდ პრაღაში”, _ ასეთი შინაარსის შეტყობინება გამოგვიგზავნა პრაღაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქე მარიკა გალდავამ.
აღნიშნული პიროვნება, როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, წლებია პრაღაში ცხოვრობს. ის ადგილობრივზეა დაქორწინებული. საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს და აქამდე არცერთ არჩევნებზე მონაწილეობის მიღების პრობლემა არ ჰქონია.
რა მიზეზით ვერ ახერხებს მარიკა გალდავა და როგორც აღნიშნული პიროვნება ამბობს, კიდევ დანარჩენი 30 ქართველი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას, ამის გარკვევას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევეცადეთ.
როგორც ცესკოში განგვიმარტეს მსგავსი ცვლილებები წლევანდელ არჩევნებში საკანონმდებლო ცვლილებების გამო მოხდა, რომელიც მოქალაქეთა ხელახალ რეგისტრაციას ითვალისწინებდა. ხელახალი რეგისტრაციის ვადა ყველა ქვეყნის საკონსულოში 10 ოქტომბერს ამოიწურა.
თუმცა, როგორც “გურია ნიუსის” რესპოდენტი ირწმუნება, მისთვის რეგისტრაციის თაობაზე არავის უცნობებია.
“თუ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს რეგისტრაცია საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა გავლილი, მაგრამ 1 წლის განმავლობაში მისი საცხოვრებელი მისამართი რეგისტრაციიდან მოიხსნა, ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ასეთი ამომრჩევლებისთვის ხელახალი რეგისტრაციის ვადა საკონსულოებში და არა მარტო 10 ოქტომბერს ამოიწურა.
“ხელახალი რეგისტრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმულობაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან ამ საკითხის დარეგულირება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სერვის ცენტრს უნდა მოეხდინა, ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ინფორმირება მოახდინა, თუმცა ამ შემთხვევაში მასშტაბებზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ამომრჩეველთა სიიდან ამოღებული ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია”, _ განმარტავს ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფი რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანთა რიცხვი 3 979-ია. ყველა ადამიანი რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილი იქნა, სიიდან ავტომატურად ამოვარდა, რაც იმას ნიშნავს რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი ხმები გათვალისწინებული საერთოდ არ იქნება.