ზეევ ელკინის თქმით, პრინციპული გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღებულია, ხოლო ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართება.
დღესვე შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ზეევ ელკინს შორის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დაფუძნების, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და კულტურული ღონისძიებების ურთიერთგაცვლის საკითხები.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ტრადიციულად არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და აღინიშნა ორივე მხარის მზადყოფნა კვლავაც აქტიურად გაგრძელდეს სხვადასხვა მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.
ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ასევე შეხვედრებს გამართავენ ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.