მოკლა თუ არა რომან შამათავამ დავით ცინდელიანი? ამ კითხვის დასმა რომან შამათავასთვის მის ადვოკატს, გიორგი ონიანს ვთხოვეთ.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე რომან შამათავამ, ადვოკატის მეშვეობით შემდეგი პასუხი გაგვცა:
“ეს არის ისეთივე აბსურდი, ხვალ ჩვენ რომ გავიგოთ, ამერიკის მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაში ბინ ლადენის წინააღმდეგ, მე ვიყავი წამყვანი ფიგურა. შეგიძლიათ ეს სიტყვა სიტყვით დაწეროთ.”
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსში” 2013 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ცინდელიანის საქმე_”რომან შამათავამ და “მაიმუნამ” ტვირთმობმული დათო ზღვაში გადააგდეს” სადაც საუბარი იყო, 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებულ დავით ცინდელიანის შესახებ.
შვილდაკარგული დედა თამარ არღვლიანი, შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას განცხადებით მიმართავს, სადაც იგი 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული შვილის დავით ცინდელიანის საქმის გამოძიებაში დახმარებას თხოვს. ოჯახმა დღემდე არ იცის, ვინ და რატომ დააკავა დავით ცინდელიანი. მხოლოდ ის იციან, რომ უკანასკნელი ადამიანი ვინც მათი შვილი ცოცხალი ნახა “კუდის” ყოფილი უფროსი რომან შამათავაა.
ოჯახის გარდა აფხაზეთის “კუდის” ყოფილ უფროსს, რომან შამათავას 27 წლის რეინჯერის დავით ცინდელიანის გაუჩინარებასა და მკვლელობაში, ქართველი ემიგრანტი ადანაშაულებს. “გურია ნიუსი” ჩეხეთში მყოფ ქართველ ემიგრანტ გიორგი ალანიას, დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია დავით ცინდელიანის დაკავების, კატერზე აყვანისა და მკველელობის შესახებ. ალანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დავით ცინდელიანის საქმეზე წლებია მიმდინარეობს, იგი არც ერთხელ არ არის დაკითხული. გამოძიება ამ ინფორმაციით არც კი დაინტერესებულა.
სტატიაში დავით ცინდელიანი გაუჩინარებისა და მკვლელობაში, აფხაზეთის “კუდის” ყოფილი უფროსის რომან შამათავას მონაწილეობაზე საუბრობს ცინდელიანის ბიძა, ომარ ვიბლიანი და აცხადებს: “გავიგეთ, რომ ვინმე “მაიმუნას” (გიორგი ჩიქოვანი) რომელმაც ბათუმში ვიღაცა მოკლა და ახლა გაქცეულია ურეკავს რომან შამათავა.
რომან შამათავა და “მაიმუნას” დათო აჰყავთ კატერზე, ერთი გასროლით კლავენ, აბამენ ტვირთს და აგდებენ ზღვაში.”
რატომ არ დაკითხა გამოძიებამ გიორგი ალანია, ამ კითხვით “გურია ნიუსი” სტატიის მომზადების პერიოდში საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშიდა. სადაც განაცხადეს: “შეგვიძლია გითხრათ, უახლოეს მომავალში გამოძიება ემიგრანტ გიორგი ალანიას დაკითხვას გეგმავს.”