შემოქმედებით ჯგუფში გამოცდილი და ასევე ახალგაზრდა, პერსპექტიული ჟურნალისტები არიან. გუნდი მოწოდებულია მაყურებელს გააცნოს ლიხს იქით და ლიხს აქეთ – მთელი საქართველო“, _ აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანოტაციაში, რომელიც ოქტომბერში დაწყებულ გადაცემას _ “ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ _ ეხება.
ამ გადაცემის მოსამზადებლად შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოგზაურობს. როგორც გაირკვა, მათი დახმარების თხოვნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტყემალაძემ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში წერილები დააგზავნა.
ტყემალაძე მუნიციპალიტეტების პირველ პირებს სთხოვდა, რომ გადაცემა “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” შემოქმედებითი ჯგუფის რაიონში ტრანსპორტირება და ადგილზე დახმარება უზრუნველყო. ამავე წერილით, ტყემალაძე ინტერესდებოდა, შეუძლია თუ არა წერილის ადრესატს, რომ გადამღებ ჯგუფს სათანადო საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობები შეუქმნას.
აღნიშნული წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თამაზ ჯინჭარაძემაც მიიღეს.
როგორც გიგინეიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ტყემალაძის თხოვნა ვერ შეასრულეს, იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში ამის თანხები არ იყო:
_ წერილი მეილზე მომივიდა. განვიხილე გამგებელთან ერთად, თუმცა, დახმარება ვერ შევძელით, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯი არ გვაქვს. საკითხი საკრებულოზე უნდა გატანილიყო, შემდეგ 2-3 კვირა მაინც დააგვიანდებოდა და არ ესწრებოდა. ამის გამო ვერ მოვახერხეთ დაფინანსება, _ გვითხრა გიგინეიშვილმა.
ანალოგიური მიზეზით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს ვერ დაეხმარნენ ოზურგეთში. ჩოხატაურში კი 5-კაციანი ჯგუფი კვებით უზრუნველყვეს.
_ თამაზ ტყემალაძის #4248/0128 28.10.2013 წ. წერილის საფუძველზე (ტყემალაძის წერილს არც თარიღი აწერია და არც ნომერი. ავტ), 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა გადაცემა “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” გადამღები ჯგუფი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტზე ფილმის გადასაღებად. გადამღები ჯგუფი შედგებოდა 5 წევრისგან, რომლებიც დაბინავებული იყვნენ ი/მ ავთანდილ კოტრიკაძის საოჯახო ტიპის სასტუმროში.
გთხოვთ, გაუწიოთ ფინანსური დახმარება ჯგუფს კვების ქირის გადასახდელად 450 ლარით”, _ ასეთ წერილს უგზავნის 4 ნოემბერს თამაზ ჯინჭარაძეს კულტურის სამსახურის უფროსი ქეთევან გიორგაძე.
გამგეობიდან ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტაციით (ანგარიშ-ფაქტურა ინვოისი #2) ირკვევა, რომ “კვების ქირა“ _ 450 ლარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სტუმრების (5 წევრი) 5 დღით სამჯერადი კვების ღირებულებაა (იხილეთ სტატია).
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნინო დანელია ამბობს, რომ საზმაუს დირექტორი უხეშად არღვევს კანონმდებლობას მაუწყებლის შესახებ
_ საზმაუს დირექტორი უხეშად არღვევს კანონმდებლობას მაუწყებლის შესახებ და, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი უნდა იყოს ხელისუფლებისგან და, ზოგადად, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური ელიტისგან. ის გადამღები ჯგუფის დაფინანსების სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტს უთანხმებს კითხვებს და წყაროებს, რომ რაიონი კარგად წარმოჩნდეს მაყურებლის წინაშე. საბჭოთა “ვრემიას“ აზროვნების სტილზე უკვე აღარაფერს ვამბობ. აი, ასეთ ღირსეულ და პოლიტიკურად მიუკერძოებელ ფიგურას იცავდნენ მოხსნისგან ბატონები: ირაკლი კაკაბაძე, გიორგი გაბედავა, კორკოტა და მათი თანამოაზრენი, _ ამბობს დანელია ჩვენთან” საუბრისას.
თამაზ ტყემალაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ფინანსური დახმარება არავისთვის უთხოვია და გვირჩევს სხვა თემებით დავინტერესდეთ._ არა გაქვთ სწორი ინფორმაცია. არავის არ ვთხოვ ფინანსურ დამხარებას.
_ ბატონო თამაზ, ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტაცია.
_ კარგად, ნელ-ნელა წაიკითხეთ მაშინ დოკუმენტაცია. მე დაფინანსებას არ ვითხოვ. იქ წერია _ გაუწიეთ დახმარება ტრანსპორტირებაზე. დანარჩენ დახმარებას ისინი არ საჭიროებენ.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თქვენ მიერ გამოგზავნილ ჯგუფს, 5 ადამიანს, კვების თანხა აუნაზღაურეს. ჩვენ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს.
_ ძალიან ცუდად მოქცეულან. რომ ჩამოვა ჯგუფი დავსჯი სუყველას.
_ გადაცემას ხომ აქვს ბიუჯეტი?
_ დიახ. როგორ არა.
_ ბატონო თამაზ, გამგებელი ამბობს, რომ დაურეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და სთხოვეს ტრანსპორტირება, ამ ადამიანების დაბინავება, კვება. თუმცა, მათ მხოლოდ კვების დაფინანსება შეძლეს.
_ მე ახლა წაგიკითხავთ მაგათ რაც მიიღეს. საზოგადოებრივი ტელევიზია გაცნობებთ, რომ ამა წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო ყოველკვირეული ნახევარსაათიანი სატელევიზიო გადაცემათა ციკლი “ლიხს იქით და ლიხს აქეთ“. საქართველოს ყოველ რაიონზე, ქალაქზე ნახევარსაათიანი, ყოვლისმომცველი სატელევიზიო გადაცემა. პროექტი შრომატევადია და საჭიროებს ყველა რაიონისა და, მიაქციეთ ყურადღება, ქალაქის ხელმძღვანელთა ყურადღებას, დახმარებას. გთხოვთ, მაცნობოთ შეგიძლიათ თუ არა შემოქმედებითი ჯგუფი გრაფიკით გათვალისწინებულ დღეს რაიონში თქვენი ტრანსპორტით ჩაიყვანოთ და ადგილზეც გაუწიოთ დახმარება. ხედავთ რა წერია? _ დახმარება 3-4 დღის განმავლობაში. ასევე, _ შეგიძლიათ თუ არა შემოქმედებით ჯგუფს, ეს იქნება სამი ან ოთხი კაცი, შეუქმნათ სათანადო სამუშაო (ტყემალაძეს ტექსტის წაკითხვისას საყოფაცხოვრებო არ უხსენებია. ავტ.) პირობები. თან წერენ ესენი ამ სცენარებს და სინათლეც ესაჭიროებათ. წერილში წერია: თუ თქვენი პასუხი დადებითია, მიიღეთ ჩვენი კითხვარი და ინსტრუქტაჟი. ტექსტი კომპიუტერზე აკრეფილი უნდა მოგვაწოდოთ ჩვენს ელ. მისამრთზე ათი დღის განმავლობაში. ეს კითხვარი უნდა გადაეცეს დარგის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს. ჩვენს მისამართზე გამოგზავნამდე ყოველივე უნდა განიხილოთ სპეციალურ შეკრებაზე, უნდა სრულყოთ ტექსტი, შეარჩიოთ ყოველ სფეროში ერთი გამომსვლელი, კარგი მოსაუბრე, დამსახურებული, აღიარებული, ავტორიტეტული პირი, რომელი ხელმძღვანელი იტყვის სათქმელს. საქმის კურსში ამყოფოთ რაიონის, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი. გადაღების ორგანიზაციის ხელმძღვანელად უნდა გამოყოთ უფლებამოსილი პიროვნება. ამგვარ პირობებში საუცხოოდ წარმოჩინდება თქვენი რაიონი, ქალაქი. ასევე წარვსდგებით მილიონიანი ტელემაყურებლის წინაშე.
_ ეს არის სტანდარტული ტექსტი, რომელიც თქვენ, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტში გააგზავნეთ. თუმცა, ჩოხატაურში სხვა ტექსტი გაქვთ გამოგზავნილი. ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ახლა მე ხელთ მაქვს, წერია _ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი, გადაცემის _ “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” _ მოსამზადებლად 30-3 (?!) ნოემბრის ჩათვლით მოვლინებული იქნება ჩოხატაურში. გთხოვთ, გაუწიოთ დახმარება. ამ დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭედია. ასევე ახლავს გადამღები ჯგუფის წევრთა სია.
_ ახლა მე რაც წაგიკითხეთ, ესეც მიღებული აქვთ.
_ ორი წერილი გააგზავნეთ?
_ მანდ კითხვარი ხომ არ არის. ნუ… თავი მტკივა ისედაც…
_ გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც “გურია ნიუსმა” მოიპოვა ცხადყოფს, რომ თქვენი გამოგზავნილი ჯგუფის კვების ღირებულება აანაზღაურა ადგილობრივმა ბიუჯეტმა.
_ ვინ კითხათ მერე მაგას რომ ანაზღაურებენ. სხვაგან არ უქნიათ არსად. ვინ სთხოვდა! შეიძლება ოქროს ბეჭდებიც უყიდონ და ლიმუზინებით გამოუშვან მაქედან. მე რა ვიცი. მე მინდა გითხრათ ის, რაც ჩვენგან მოდის. მანდ რა ხდება, მე არ ვიცი.
_ თქვენ ფიქრობ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებმა ჩაიდინეს არასწორი ქმედება, როდესაც თქვენი წერილის საფუძველზე ჟურნალისტების კვების თანხა გადაიხადეს?
_ მაგათ გულში რა აქვთ, მე რა ვიცი. მანდ ზოგი “ნაციონალური მოძრაობის“ გველია და ზოგი იქიდან მოფრენილი შპიონი. მე ის ვიცი, რომ ჩემი საქმე უნდა გავაკეთო ძალიან კარგად. წერილის ფინალს წაგიკითხავთ, იქნებ ის უფრო საინტერესოა: _ ჩვენ გაგაგებინებთ ეთერის დროს. საჭიროების შემთხვევაში, თუ რამე მოხდება ისეთი, დაგვიკავშირდით ამ ტელეფონებზე. პატივისცემით, მე ვაწერ ხელს, თამაზ ტყემალაძე. ეს არის ჩემი პირადი წერილი. ეს არ არის მაუწყებლის ბეჭდით და კანცელარიაში გატარებული. ეს ერთი და მეორე, თქვენ რომ ხართ “გურია ნიუსი”, რომელსაც მე ვაკვირდები და ძალიან კარგ წერილებს წერთ, უმაღლეს დონეზე და მე ეს მომწონს, ეს რა დასაინტერესებელია ამიხსენით ახლა რა. ამ მყრალი და ამ გიჟი, დორბლმორეული რა გვარია ისა, გოგუაძის და გახელაძის იდიოტიზმს უნდა აჰყვეს ამხელა პრესა?!
_ ბატონო თამაზ, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. თქვენ ამბობთ, რომ ბეჭედი არ არტყია, თუმცა დოკუმენტს, რომელიც მე მაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭედი აქვს დარტყმული.
_ მერე რა. ეგ ოფიციალური წერილია და უნდა ჰქონდეს, აბა, რა. ეს არაოფიციალური წერილი გაგაცანით იმისთვის, რომ როგორც ჟურნალისტმა ყველაფერი იცოდეთ. მე ერთ რამეს კიდევ გეტყვით. ჩვენ ვაკეთებ ამ საქმეს. მე რა ვიცი, საწყალ ჟურნალისტს ვინ ბორში დაუსხა და ვინ რაღაცა. ამას ვინ ქექავს საერთოდ, ვის გაუქექია დღემდე. და მეორე _ 25 მილიონი რომ შეჭამეს ამ ტელევიზიაში, რატომ არავის არ გაინტერესებთ, ვინ შეჭამა და სად არის ეგ ფული. საინტერესო არ არის?
_ თქვენი აზრით, არ არის საინტერესო, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება?
_ არავინ არ სთხოვს ამ თანხების დახარჯვას და ვინც ხარჯავს, იმას მოსთხოვონ ეგა.
_ ნინო დანელია, რომელიც ბორდის წევრია, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ _ ტყემალაძემ კითხვის დასრულება არ გვაცადა, დანელიას მისამართით შეურაცხყოფაზე გადავიდა და ტელეფონი გაგვითიშა.
საქართველოს პარლამენტის წევრი, იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მსგავსი დაფინანსება არის თანხების, არა თუ არამიზნობრივი ხარჯი, არამედ, უკანონო განკარგვა.
_ გადაცემა, რომლის დაფინანსების საშუალებაც არა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეთერში არ უნდა გადიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სსიპ და მას აქვს დაფინანსების სხვა წყაროების მოძიების უფლება. მას აქვს დადგენილი განსაზღვრული წესები და ის შეზღუდულია მოიპოვოს დაფინანსება სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შესაბამისად, მსგავსი მოთხოვნის უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს. გარდა ამისა, მსგავსი ხარჯის გაწევის უფლება არც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, ასეთი სახის ხარჯები ჩოხატაურის ბიუჯეტში არ იქნება გათვალისწინებული.
მოკლედ, მსგავსი დაფინანსება არის თანხების, არა თუ არამიზნობრივი ხარჯი, არამედ, უკანონო განკარგვა, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას თამარ კორძაიამ.