ხვალიდან კომიტეტებში უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში, მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. დავით უსუფაშვილის განცხადებით სამთავრობო საკითხის განხილვის გრაფიკი ხვალ კომიტეტებში 12 საათიდან დაიწყება.
20 ნოემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ, რომელზეც მომხსენებელი პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
„მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა. დანარჩენი ეს არის გუნდი, რომელიც ერთი წელია მუშაობს. შესაბამისად, პარლამენტში წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში რაიმე სიახლეს არ უნდა ველოდოთ, თუმცა არის ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის განხილვა კომიტეტის სხდომებზე მოხდება,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც გაირკვა, უმცირესობა მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.