საკონკურსო კომისია მუშაობას ხვალიდან შეუდგება. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატურების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა პირველად შერჩევას განახორციელებს. საბოლოოდ, კომისია, 9 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტს ოცდაშვიდ – ანუ სამჯერ მეტ კანდიდატს შესთავაზებს. თითეულ კანდიდატზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.
როგორც პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით ეს პროცესი დაჩქარდა და საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭო დაგეგმილზე ერთი თვით ადრე შეიქმნება, რაც ამჟამად არსებულ ვითარებას გამოასწორებს. მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებების მიღების ბოლო ვადა ხვალ, 12 დეკემბერს იწურება.