_ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით წარმატებით განხორციელდა მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო რეფორმები. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში კონკრეტული ადამიანები, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე სჩადიოდნენ ამა თუ იმ დანაშაულს რითაც ქვეყანას მიაყენეს უდიდესი ზიანი. უდავოა, რომ წამების ფაქტების გამოძიება პრიორიტეტული უნდა იყოს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით, განურჩევლად იმისა თუ რომელი ხელისუფლების პირობებში იქნება ეს დანაშაული ჩადენილი – მოქმედი თუ წინა ხელისუფლებების დროს. სამწუხაროდ ბედუკაძის და მისი თანამოაზრეების პროკურატურის მხრიდან პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თითოეული დანაშაულის უკან დგანან კონკრეტული პირები და ამ დანაშაულის განზოგადება და სისტემურად წარმოჩენა არის გაუმართლებელი და მიუღებელი. ამაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულაციაა და ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიუკერძოებლობას. ასეთი მიდგომა შეურაცხყოფს ათი ათასობით ღირსეულ საჯარო მოხელეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ემსახურება საქართველოს, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ახალაიას ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.