თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამთენიისას დააკავეს.
უგულავა კიშინიოვში მიფრინავდა, სადაც იგი ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა.
"ძვირფასო პროკურატურა/გამოძიებავ, გაცნობებთ, რომ ამაღამ მივემგზავრები კიშინიოვში ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე და დავბრუნდები ბილეთზე მითითებული რეისით და დროს. იმედია ორი დღე უჩემოდ გაძლებთ. ხო იცით თქვენს იმედზეა ქვეყანა“ _ ეს სტატუსი უგულავამ სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ბილეთებთან ერთად, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა.
საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ უსაუბრია დეტალებზე. უგულავას დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნეს, თუმცა, ბრალი აეროპორტში არ წაუყენებიათ.
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავა 4 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით იყო დაბარებული. აღნიშნულის შესახებ უგულავამ გუშინ განაცხადა და ფეისბუქში გამომძიებელ გიორგი კვარაცხელის მიერ გაგზავნილი უწყებაც გამოაქვეყნა.