დღეს, 1 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, თანამშრომლებთან ბოლო შეხვედრა გამართა.
გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა, რომელიც ოზურგეთის საკრებულოს დარბაზში შედგა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
შეხვედრაზე "გურია ნიუსს" დასწრების უფლება არ მისცეს. კარებიდან ჩვენი მისამართით თანამშრომლების რეპლიკები იყო: "დახურული შეხვედრა გვაქვს", … "არ გაქვთ უფლება მოუსმინოთ"… "გამოსამშვიდობებელი შეხვედრაა" "შინაურული თათბირია"_ გვითხრა კანცელარიის თანამშრომელმა მზია ნინიძემ. კოტე შარაშენიძემ კი კატეგორიულად მოგვთხოვა დარბაზი დაგვეტოვებინა.
შეხვედრა კოტე შარაშენიძესთან ერთად ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს გოგი ინწკირველს მიჰყავდა.
გამოსამშვიდობებელი სიტყვები გამგებელს კულტურის სამსახურის უფროსმა, მაია თანდილაშვილმა, მოადგილე ირაკლი სირაძემ, გოგი ინწკირველმა, ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტმა ნარი მუჯირიმ, ოთარ გეგიაძემ და სხვებმა უთხრეს.
კოტე შარაშენიძემ, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. "გურია ნიუსთან" კი, კომენტარი არ გააკეთა.
გიორგი ინწკირველ მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: "მადლობა გადავუხადეთ თანამშრომლებს".
გამოსამშვიდობებელი საღამო საღამოს ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში გაგრძელდება, სადაც დასწრების მსურველთა სია დახურულ შეხვედრაზე გიორგი ინწკირველმა შეავსო.