2014 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, "ლიბერთი ბანკისა" და "ბაზის ბანკის" წინ, "სქაი ბარის" თანამშრომლებმა მათივე მეგობარი, დიჯეი დაჩი დარჩია დაჭრილი ნახეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ოფიციალური ვერსიით, "თბილისის მთავარი სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების და ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით)."
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მიხეილ გ., რომელმაც დაჩი დარჩია ცივი იარაღით დაჭრა, დანის ტარებისთვის სამართალდამცავებს რამდენჯერმე ჰყავთ დაჯარიმებული. იგი "ლეპტოპის" ქურდობისთვის იყო დაკავებული და 4 წელი პირობითი ჰქონდა მისჯილი.
თუმცა, პრობაციის სამსახურსაც იშვიათად სტუმრობდა და ამისთვისაც ბევრჯერაა დაჯარიმებული.
რატომ დაჭრა დაჩი დარჩია მიხეილ გ.-მ, ჯერ-ჯერობით ამის ოფიციალური ვერსია არ არის, თუმცა, ამბობენ, რომ მათ შორის კამათი "სქაი ბარში" დაიწყო.
კამათის მიზეზად მუსიკის დაკვრა სახელდება, რომელიც დაკავებულმა, დიჯეი დაჩი დარჩიას მოსთხოვა, რაც დარჩიამ არ შეასრულა. განაწყენებული მიხეილ გ. ბარიდან გამოვიდა, "სქაი ბართან" მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდა დარჩიას და დაჭრა.
ასევე, ამბობენ, რომ "სქაი ბარში" მიხეილ გ.-სთან ერთად იმყოფებოდა რატი მილორავა, რომელიც საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შვილია.
რა მოხდა 30 აგვისტოს "სქაი ბარში" და იმყოფებოდა თუ არა მიხეილ გ-სთან ერთად რატი მილორავა ბარში, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" "სქაი ბარის" მენეჯერს, ირაკლი ბუბაშვილს ესაუბრა.
_ რომელ საათზე იწყებს მუშობას "სქაი ბარი"?
_ ეს ბარი ყოველდღე, დღის 1 საათიდან ღამის 4 საათამდე მუშაობს, მაგრამ ღამის სიტუაცია, ბენდი, დიჯეი და ა.შ. საღამოს 8 საათის შემდეგ იწყება და დილის 4 საათამდე გრძელდება. დიჯეი ღამის 11 საათისთვის მოდის და დილის 3 საათამდე მუშაობს.
_ 29 აგვისტოს, რომელ საათზე დაიწყო ბარმა მუშაობა?
_ იმ დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდით, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ყველა თანამშრომელი ადგილზე იყო.
_ დაჩი დარჩია "სქაი ბარის" თანამშრომელია?
_ დაჩი დარჩია "სქაი ბარის" თანამშრომელი არ არის. რამდენიმე წლის წინ, დაჩი აქ "სითი კლუბში" უკრავდა. ჩვენი ოფიციალური თანამშრომელი არის დიჯეი დავით ხახიშვილი. ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან. უბრალოდ დაჩის მეგობარმა დათომ სთხოვა, რომელიც იმ დღეს მეგობრებთან ერთად სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, "სქაი ბარში" შეეცვალა. ამიტომ უკრავდა იმ დღეს დაჩი.
ხშირად ხდებოდა ასეთი რამ. ანუ, უბრალოდ ცვლიდა დაჩი. ეს ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. დაჩი ჩვეულებრივად მოვიდა სამსახურში. აბსოლუტურად უკონფლიქტოდ ჩაიარა მთელმა საღამომ, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, არა მარტო დაჩის გარშემო, არამედ ზოგადად, მთელ ბარში იმ დღეს, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.
_ რომელ საათზე წავიდა "სქაი ბარიდან" დაჩი დარჩია და ნასვამი ხომ არ იყო?
_ დაჩის არ უყვარდა დალევა. ერთი გრამი არ ჰქონდა დალეული. ჩვეულებრივად, ღამის 02 : 40 იყო, ჩემთან მოვიდა დაჩი, მივეცი კუთვნილი ხელფასი, რაც ეკუთვნოდა, წავიდა სამზარეულოში, დაემშვიდობა თანამშრომლებს და "სქაი ბარიდან" გავიდა.
_ როგორ გაიგეთ დაჩი დარჩიას დაჭრის შესახებ?
_ დაჩის გასვლიდან, დაახლოებით, ნახევარ საათში, მიმტანმა აივნიდან დაინახა როგორ მისდევდა დაჩის მკვლელი სომხურ ეკლესიასთან. დაჩი უკვე დაჭრილი იყო. ტრასაზე გადმოირბინა "სქაი ბარის" მიმართულებით და ყვიროდა მიშველეთ, დამეხმარეთო. "სქაი ბარის" აბსოლუტურად ყველა თანამშრომლები ჩავედით, მივედით მიწისქვეშა გადასასვლელთან, სადაც დაჩი სისხლის გუბეში ეგდო.
ჩემი თვალით ვნახე მკვლელი, რომელიც დაჩის მოსდევდა. არ გეგონოთ რომ გაიქცა. პოლიცია იქ იყო. დაცვის პოლიციამ ავტომატი მიუშვირა, დააგდე დანა თორემ გესვრითო. დანა დააგდო და იქვე აიყვანეს.
_ ადრე გინახავთ ის ადამიანი, რომელმაც დაჩი დარჩია დაჭრა?
_ ჩვენ, თანამშრომლებმა და მე პირადად ვნახეთ ეს მკვლელი. ეს ადამიანი არასდროს არ მინახავს სახეზე.
_ 29 აგვისტოს არ ყოფილა "სქაი ბარში"?
_ ვადასტურებ, იმ დღეს "სქაი ბარში" არ ყოფილა, მაგრამ ეჭვი მაინც შემეპარა, იქნებ ვცდები. ვიფიქრე, რა ვიცი იქნებ იყო და მე გამომეპარა. დავჯექი, ვუყურე აბსოლუტურად ყველა კამერის ჩანაწერს. ის ადამიანი ჩვენთან არ მოსულა. შემოსვლის მცდელობაც კი არ ჰქონია. ჩვენ კამერები აბსოლუტურად ყველგან გვაქვს. თუმცა, თქვენ არ ვიცი ტელევიზიით ნახეთ თუ არა ის ადამიანი, როცა პოლიციამ დააკავა, როგორი ტანსაცმელი ეცვა. მას მუხლამდე ჭრელი შორტი, მაისური და ჩუსტები ეცვა. ასეთი ჩაცმულობით "სქაი ბარში" ადამიანს ვერ მონახავთ, ან ისეთ ადამიანს, რომელიც გეტყვით რომ მსგავსი ჩაცმულობით ვინმე აუშვიათ.
_ თქვენთან "დრესკოდი" დაცულია?
_ ჩვენთან არის "ფეის კონტროლი", სადაც ასეთი ჩაცმულობით არავითარ შემთხვევაში არ აუშვებდნენ ბარში. თანაც, ეს იყო პარასკევი დღე.
_ პარასკევ დღეს რა ხდება "სქაი ბარში"?
_ "სქაი ბარში" პარასკევ დღეს ვერცერთი ადამიანი ვერ შემოვა თუ მას წინასწარ დაჯავშნილი არ აქვს მაგიდა. ანუ, მაგიდა სახელითა და გვარით უნდა იყოს დაჯავშნილი. იმ შემთხვევაში თუ კი მოვიდა ღამით და არ აქვს მაგიდა "დაბრონილი", დაცვა გვიკავშირდება, ჩვენ ვნახავთ ამ ადამიანს როგორია ფიზიკურად, გავესაუბრებით, შევამოწმებთ იარაღის გარეშეა თუ არა. შევუთანხმდებით პირობებზე და შემდეგ აუშვებთ ბარში.
ის ტიპი, "სქაი ბარში" რომ მოსულიყო, ჩემს გარეშე, მენეჯერის გარეშე, ბარში ვერ ავიდოდა. მით უმეტეს, თუ ის მარტო იყო, გამორიცხულია, რადგან "სქაი ბარში" მარტო ვერავინ ვერ ამოვა. ანუ, ჩვენ ერთ ადამიანს არ ვუშვებთ, რადგან მარტო მოსულ სტუმარს, მხოლოდ ბართან დაჯდომის უფლება აქვს. ბართან მჯდომი ადამიანი კი მე იქ არ მინახავს.
მე თვითონ, იქ, ბარში მიწევს მუშაობა. კომპიუტერიც ბარში მიდგას. კომპიუტერიც ბარს უყურებს. ეს ადამიანი იქ არ ყოფილა. დაცვაც ამაში დარწმუნდა და დაამტკიცა.
_ იმყოფებოდა თუ არა რატი მილორავა "სქაი ბარში"?
_ რაც შეეხება ეკა ბესელიას შვილს, ვიცი ფიზიკურად როგორია. ის შეიძლება არ მიცნობს, მაგრამ მე ვიცნობ, რადგან დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, დაბადების დღეზე იყო მოსული "სითი კლუბში".
ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა, იქ საერთოდ არ ყოფილა. განა, მხოლოდ იმ დღეზე ვსაუბრობ, იმ დაბადების დღის შემდეგ იგი აქ არ მინახავს. ვერ ვხდები საიდან მოიტანეს, რომ იგი იმ დღეს აქ იყო.
_ თქვენი აზრით, საიდან გაჩნდა ვერსია, რომ ეკა ბესელიას შვილი მკვლელობის დღეს "სქაი ბარში" იმყოფებოდა?
_ ჩემს ვარაუდს გეტყვით – მოხდა ასეთი ფაქტი, ჩვენს ბარში იმ დღეს სტუმრად იყო დუეტი "ჯორჯიას" წევრი, მომღერალი რატი დურგლიშვილი.
როდესაც დაჩის დაჭრის შესახებ გავიგეთ და გავრბოდი მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, "სქაი ბარში" რატი დურგლიშვილის მაგიდა იყო დარჩენილი. სხვა არავინ იჯდა. როდესაც დავბრუნდი ბარში, მიმტანებს ვუთხარი, ამ მაგიდას უთხარით, რომ ვიხურებით. უნდა დამეკეტა ბარი და წავსულიყავი საავადმყოფოში. რატი მოვიდა და მკითხა – იკა რა მოხდაო. ვუთხარი ჩვენი დაჩი დაჭრეს-მეთქი და რომ საავადმყოფოში მივდიოდით, რატი იქ მოვიდა.
დილით სახლში რომ მივედი, ვნახე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს ედო სტატუსი:
"დიჯეისთვის მუსიკა უთხოვნია ამ ადამიანს თურმე – მკვლელს, და დიჯეის არ ჩაურთავს ეს მუსიკა, რის შემდეგაც დაცვამ გააგდო ეს ადამიანი "სქაი ბარიდან". შემდეგ გარეთ დახვდა და მოკლა."
შემდეგ კომენტარებში ეკითხებიან, შენ საიდან იცი ეს ინფორმაციაო და მაიას უწერია ზუსტად ეს ტექსტი – "რატი იყო იქ და თავისი თვალით ნახა როგორ ჩაცხრილეს." იქ არ უწერია მას გვარი. მე ვფიქრობ ასე, საინფორმაციო სააგენტოების ნაწილმა მაია კაჭკაჭიშვილის გვერდზე ნახეს, რაც ეწერა. "რატი იყო იქ და თავის თვალით ნახა როგორ ჩაცხრილეს", ალბათ არ გადაამოწმეს ეს ინფორმაცია და ისე გაავრცელეს.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დავწერე სტატუსი და გავავრცელე ვიდეოჩანაწერი. ამის შემდეგ კი მაია კაჭკაჭიშვილმა ეს თავისი სტატუსი წაშალა. მიხვდა, რომ ეს ისე არ ყოფილა, მაგრამ მე მაქვს საბედნიეროდ გადაღებული ფოტო და "დასქრინშოტებული."
მგონია რომ, ჟურნალისტებმა ნახეს რაც მაიას ეწერა, რატიმ თავისი თვალით ნახაო, არ გადაამოწმეს ვინ რატი იყო და მიაბეს მილორავა.
_ შეგიძლიათ მაია კაჭკაჭიშვილის ნაწერი რომელიც "დასქრინშოტებული" გაქვთ მაჩვენოთ?
_ აქ მაია არაფერშია დამნაშავე. მან ჭორი გაიგო და ისე დაწერა.
_ მაინცდამაინც რატი მილორავაზე რატომ იფიქრეს, ხომ შეიძლებოდა სხვა ვინმეზე ეფიქრათ?
_ არ ვიცი ვის რაში აწყობს. არცერთ ნორმალურ ტელევიზიასა და არცერთ ნორმალურ სააგენტოს, ამაზე ინფორმაცია არ გაუკეთებია. ეს გააკეთა რაღაც სულელურმა სააგენტოებმა, რომელსაც მე სერიოზულადაც არ აღვიქვამ. ისეთი სისულელეები დაწერეს, რომ თითქოს "სქაი ბარი" მალავდა კადრებს. მინდა გითხრათ, დაჩის დაჭრიდან და გარდაცვალების წუთიდან, იმ დღიდან ყველა იქ ვართ. ჩვენ დაჩი გურიაში გადავასვენეთ. დღემდე იქ იყო "სქაი ბარის" ადმინისტრაცია. დღეს ჩამოვიდა დირექტორი და ყველა. კადრები დაცვის პოლიციასა და საგამოძიებო სამსახურს გადავეცით. დღეს, ტელევიზიები იყვნენ მოსული. ჩანაწერი ყველას ვაჩვენეთ. გადაიღეს. მე "ფეისბუქის" გვერდზე ავტვირთე.
_ დაჩი დარჩიას დაჭრის პირველივე წუთიდანვე ამბობენ, რომ "სქაი ბარის" ადმინსტრაცია ჩანაწერებს მალავს.
_ "სქაი ბარი" არაფერს არ მალავს. მე ვარ თვითმხილველი და ვამბობ – იქ არ ყოფილა ეკა ბესელიას შვილი და არც ის მკვლელი, რომელიც იქ, იმ დღეს დაიჭირეს. იცით რა მინდა გითხრათ, შელაპარაკებაზე რომ საუბრობენ, თითქოს ეს "სქაი ბარში" მოხდა, ესეც კი გამორიცხულია, რადგან დიჯეისთან და ბენდთან სტუმარი ფიზიკურად ვერ მიდის, რადგან მათთან დაცვა დგას.
_ შეგიძლიათ ვიდეო ჩანაწერი მაჩვენოთ, სადაც დაცვა დგას დიჯეისთან, ბენდთან და მომღერალთან?
_ იცით რა, იმ ადგილებში სადაც სტუმრების მაგიდები დგას, კამერა არ არის, იმიტომ რომ აკრძალულია.
იქ ხალხი ხომ ცეკვავს და ის ადამიანები რომ არ გამოვაჩინოთ კამერაში. ეს არის მხოლოდ ბარში კონტროლისთვის და გასასვლელში. თუ ყველგან დავაყენებთ კამერას, მაშინ ბარს უნდა დავაწეროთ, მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი. ადამიანი მოდის გასართობად, საცეკვაოდ და ბარს დააწერო ვიდეო კონტროლი, ეს უკვე არასწორია.
ეკა ბესელიას შვილი და არც მკვლელი აქ არ ყოფილა. უბრალოდ ხალხს მოსწონს ტრაგიზმი. ეს ამბავი მოეწონათ და აიტაცეს.
ეკა ბესელიას შვილს რაც შეეხება, ზუსტად ვიცი, რომ ის იმ დღეს ბათუმში იმყოფებოდა. ჩემმა მეგობარმა ნახა მამაოებთან ერთად "რედისონში." მან მითხრა ეს იფორმაცია.
დაჩი იცნობდა მთელს თბილისს და მთელი თბილისი იცნობდა დაჩის. სიკვდილის შემდეგ ვინ ასაღებს მის მეგობრად თავს, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ – დაჩი იყო ჩვენი საუკეთესო მეგობარი. დაჩი იყო იმ დიჯეის საუკეთესო მეგობარი, ვინც იმ დღეს შეცვალა მან. ჩვენ ვამბობთ რა არის სიმართლე. ჩვენ თვითონაც სტრესში ვართ. აგვიფეთქეს ტელეფონები. წარმოიდგინეთ, იქ, დაჩისთან ვართ ოჯახში, რა სიტუაციაა ოჯახში და გვეკითხებიან ისეთ სისულელეებს, რაც საერთოდ არ მომხდარა. ვცემთ პასუხს, რომ ჩამოვალთ თბილისში, კადრებსაც გაჩვენებთ, ოფიციალურ განცხადებასაც გავავრცელებთ, მაგრამ არ უნდათ გაიგონ. ვინც უნდა მოვიდეს, ნებისმიერი ჟურნალისტი, ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს და კამერებსაც ვანახებთ.
_ თქვენი აზრით რა მოხდა, რის გამო დაჭრა მიხეილ გ.-მ დაჩი დარჩია?
_ ჩვენ გვაქვს ვარაუდები. ავლაბრის მეტროსთან არის 24 საათიანი სურსათის მაღაზია. იქ გადავდივართ ხოლმე სიგარეტის და ასეთი რამე თუ გვინდა იმის საყიდლად. სავარაუდოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ დაჩი მიდიოდა სიგარეტის საყიდლად, შეიძლება ის მკვლელი იქ სომხურ ეკლესიის წინ ბაღში იჯდა, შეიძლება ფული სთხოვა დაჩის, ან არ ვიცი იქ რა მოხდა. ერთადერთი ის ვიცი, რომ დაჩი რომ დაიძახა და დავარდნილი ვნახეთ. ვინც დაჩი დაჭრა ის ბიჭი ყვიროდა – ახლა, მე, 8 ტაბლეტი მაქვს დალეული და ნურაფერს მკითხავთო. ანუ თვითონ აღიარებდა, რომ იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. მე ჩემი ყურით გავიგონე, რომ ეს დაიყვირა.
ბაღში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელიც დანით ხელში იჯდა, დაჩისთვის კი არა, შესაძლო იყო ნებისმიერ ადამიანთან წამოეწყო კონფლიქტი. სამწუხაროდ იმან რომ მოიტყუოს, დაჩიმ მე მაგინაო, როგორ გინდა დაუმტკიცო?! უბრალოდ თუ გინდათ მთელს თბილისში გამოკითხვა ჩაატარეთ, დაჩის მხრიდან კონფლიქტი დაწყებულიყო, წარმოუდგენელია!
მინდა აგიხსნათ, გაგაგებინოთ, არც ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, ეს არის ის, რასაც მე თვითმხილველი ადამიანი გიყვებით. ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. მე როგორ შეიძლება ვინმემ დამიმტკიცოს, როცა მკვლელი ჩემი თვალით მყავს ნანახი, ადგილზეც თვითონ ვიყავი, დაჩის ხელფასი ჩემი ხელით მივეცი, როგორ მშვიდად გავიდა სამსახურიდან, მიმტანმა აივნიდან დაინახა როგორ მოსდევდა მკვლელი ავლაბრის მეტროდან ჩუსტებით და შორტებით ოჯახიდან გამოსული ბიჭი. ამის შემდეგ როგორ დავიჯერო ის რასაც წერენ? ეს არის სიცრუე და მეტი არაფერი. რაში გჭირდებათ ტყუილი?! ვიდეო ჩანაწერი "ფეისბუქზე" მე დავდე პირადად. გუშინ, როდესაც გამოძიება იყო აქ მოსული, ამოიღეს თითქმის მთელი დღის კადრები, რომ არაფერი არ მომხდარა "სქაი ბარში". ვიდეო ჩანაწერებით გამოძიება დარწმუნდა, რომ აქ არაფერი არ მომხდარა.
ამ ვიდეო ჩანაწერებს ჩემთვის გადაუღე ვიდეო, ჩემი მობილური ტელეფონით და ავტვირთე ჩემს პირად გვერდზე.
"გურია ნიუსი" აგრძელებს მუშობას დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.