"ყველა დედაზე ვფიქრობ, ვისაც ბოლო პერიოდში კრიმინალებმა შვილი მოუკლეს და სამწუხაროდ, მივდივარ ერთ აზრამდე, რომ ჩვენ ვერ დავიცავით ისინი! არავითარი დანდობა დამნაშავეებს, უსწრაფესად უნდა იქნას გამოძიებული ეს საზარელი მკვლელობები და ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი!" _ ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს საკუთარ "ფეისბუქზე" პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, რომლითაც ის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მძიმე სახის დანაშაული მოხდა, მათ შორის მკვლელობა და ყაჩაღობა.
რამდენიმე დღის წინ ადიგენში 3 ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრა; იმავე დღეს კახეთში 84 წლის მამაკაცმა თოფით 36 წლის ახალგაზრდა მოკლა; თბილისში ავლაბარში ნასამართლევმა პირმა დიჯეი დაჩი დარჩია დანით მოკლა; გუშინ კი, თბილისში, ბარნოვზე 27 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. გუშინ მოხდა მკვლელობა ლილოს დასახლებაშიც, სადაც აზერბაიჯანელი მოქალაქეა მოკლული.
რამდენიმე წუთის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლენტეხში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შსს აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა.
კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დანაშაულის დინამიკა დაკლებულია.
"ეს განცხადებები წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებებია, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული, მიზანი აქვს ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაცია მოახდინოს. მინდა მოგახსენოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია.
ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და დავამშვიდო, არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესდა არ არსებობს. ამისთვის მე მინდა სტატისტიკა მოვიხმო. კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა გვქონდა მკვლელობების, რაც ამა წლის აგვისტოშია, კერძოდ, 11 მკვლელობა“, _ განაცხადა იზორიამ.