ოზურგეთში, გუშინ, 18 წლის სულხან მიქატაძე ლუდის დალევის გამო ქალაქის ერთერთ პარკში საპატრულო პოლიციამ 50 ლარით დააჯარიმა.
“ქალაქს მსგავსი ფაქტი არ ახსოვს, რატომ გუშინ? თუ არსებობს მსგავსი შემთხვევები დამისახელეთ მაშინ. კი, ბატონო მე მესმის კანონის, ვარ კანონმორჩილი, მაგრამ მსგავსი ფაქტი ოზურგეთში დანაფიქსირები არ არის. ალბათ ასი ადამიანი რომ გააჩეროთ ქუჩაში, მსგავსი კანონის არსებობის შესახებ ვერავინ გეტყვით და მსგავსი ფაქტს ვერავინ დაგისახელებთ“ _აღნიშნავს სულხან მიქატაძის დედა, მარინა სუნგულია “გურია ნიუსთან“ საუბარში. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული პიროვნების მისამართით დაწერილ სტატუსს უკავშირებს, რომელიც პოლიტიკური შინაარსისაა.
“ როცა სხვას მიადგნენ გავჩუმდით,როცა ბიძაშვილს მიადგნენ, მაინც გავჩუმდით, როცა ჩვენ მოგვადგებიან მთქმელიც აღარ იქნება.
ჩემი ინფორმაციით, ოზურგეთში ერთ–ერთ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ქალი, რომლის ცნობილი ფრაზებია: ,,ბიჭი გეზრდება არ გეშინია? შვილები გყავს არ გეშინია?" და ეს ფრაზები ისმოდა ,,ოცნების" მხარდამჭერების დასაშინებლად. ბევრი რამ მოხდა უსამართლო ამ ბოლო პერიოდისათვის, მაგრამ ჯალალედინის მენტალობის ქალის დანიშვნა ნამეტანია. ფხიზლად იყავით ოზურგეთელებო!
რამდენჯერ უნდა შეგველახოს ღირსება?! რისთვის სჭირდებათ ეს ქალი?! როცა მოგვადგებიან გვიანი იქნება“ -წერს სუნგულია სოციალურ ქსელში.
“ბავშვმა ლუდი იყიდა მაღაზიაში, დაჯდა, იქვე პარკში უნდა დაელია, მივიდა პატრული და დააჯარიმა. რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, სრულიად შესაძლებელი იყო მიეცათ გაფრთხილება, მაგრამ არა, პირდაპირ დააჯარიმეს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ლოგიკას ექვემდებარება, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დავწერე სტატუსი, რომელიც პოლიტიკურია და კონკრეტულად ერთერთი ქალბატონის, მაღალ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას ეხება. მეორე დღეს ხდება ასეთი ფაქტი, ჩემს შვილს აჩერებენ ლუდის დალევის გამო და აჯარიმებენ, ხაზი მინდა გაუსვათ და დააფიქსიროთ, რომ მას ავტომობილთან არანაირი შეხება არ აქვს. მინდა ვკითხო საზოგადოებას, ხელისუფლებას, რა ხდება? ისევ ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევა პოლიციის მაღალჩინოსნები თუ მართლა კანონს იცავენ და ეს საოცარი დამთხვევაა?
“გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ სრულიად კანონიერად დააჯარიმა მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლუდს სვამდა.
“მსგავსი ფაქტი საპატრულო პოლიციამ ოზურგეთში არაერთხელ დააფიქსირა. ამჯერადაც მიიღო კანონით შესაბამისი ზომები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არის დაჯარიმებული რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ამ ქალბატონის შვილიც. რომელიც მინიმალური თანხით, 50 ლარით დაჯარიმდა“
ჩვენს კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მსგავსი ფაქტი ყოფილიყო პოლიტიკური, პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ გამორიცხულია.
“არავინ არ დაუჯარიმებიათ უკანონოდ, მან დაარღვია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლი. “_განაცხადეს შსს პრესსამსახურში.