სამი წლის წინ ცნობილი გახდა რომ ცნობილი შოტლანდიელი მომღერალი როდ სტიუარტი საკუთარი ცხოვრების ქაღალდზე გადატანას აპირებდა.
გამოცემა „Rolling Stone“-ის ინფორმაციით შოტლანდიელმა ბიოგრაფიის დაწერა ბოლომდე მიიყვანა. ეს ნამუშევარი დღის სინათლეს მომავალი წლის გაზაფხულზე იხილავს.
69 წლის სტიუარტმა ამერიკულ გამოცემას მცირე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საკუთარ მოგონებებში მხოლოდ სიმართლეზე საუბრობს.
„მემუარების დაწერის იდეა დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა. მოხარული ვარ რომ თავისუფალი დრო გამოვნახე და ხელში კალამი ავიღე. გირჩევთ ჩემი ნაშრომი აუცილებლად წაიკითხოთ, მე ხომ საკუთარ წარსულს ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვიხსენებ” – განაცხადა როდ სტიურტმა.
„Rolling Stone“-ის ჟურნალისტების მტკიცებით, როდ სტიუარტი ამ ნაშრომში საკუთარი ბიოგრაფიის თითოეულ ფურცელს შეეხო. მუსიკოსი იხსენებს სიჭაბუკესა და მუსიკალური კარიერის პირველ ნაბიჯებს, მოღვაწეობას ჯგუფებში „The Jeff Beck Group“ და „The Faces“. მომღერალი დეტალურად მიმოიხილავს ურთიერთობას სამ მეუღლესთან: ალანა ჰემილტონთან, რეიჩელ ჰანტერთან და პენი ლანკასტერთან.
„თავის დროზე ავტობიოგრაფიის დაწერაზე ბევრს ვფიქრობდი. მწერლობაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ძალიან მაინტერესებდა. ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. არაერთი შესანიშნავი პიროვნება გავიცანი და მოსაგონარი ბევრი გამაჩნდა. სამწლიანი შრომის შემდეგ მუშაობა დავასრულე. გპირდებით რომ მკითხველი არ მოიწყენს”. – ამ სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ როდ სტიურტმა.