საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა
"მინდა განვაცხადო, რომ სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზედაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას ეძლეოდა შენიშვნები და მითითებები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი იქნა დარღვევები, რასაც მიეცა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ბოლო დღეებში თავდაცვის მინისტრის მხრიდან ფიქსირდება აშკარა დაპირისპირება საგამოძიებო ორგანოებთან და სახეზეა საკითხის პოლიტიზების მცდელობა.
ნაცვლად იმისია, რომ ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიების პროცესისთვის, მისი მოქმედებები იწვევს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია პირადად ჩემთვის, რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე.
ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ვიქნებით უკომპრომისო მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელ უწყებას და მინისტრსაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოხდეს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება, ის, რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, ჩემს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღესვე პრემიერმა თავდაცვის სამინისტრო მინდია ჯანელიძეს ჩააბარა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობდა.