ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, რუსეთის საზღვართან საკუთარი ჯარების რაოდენობა გაზარდა, _ ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ჩვენ აღმოსავლეთ ევროპისკენ უფრო ბევრ სამხედრო შენაერთებს გადავაადგილებთ, ყოველ მეორე დღეს ნატო ატარებს ახალ წვრთნებს. აგრეთვე, ჩვენ ვამაღლებთ ჩვენი სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნას," _ განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მას არ მიაჩნია, რომ მსოფლიო ახალი ცივი ომის მიჯნაზეა. თუმცა, გენერალური მდივნის თქმით, დასავლეთი აღარ აპირებს რუსეთთან იმ თანამშრომლობას, რომელიც ბოლო წლებში ყალიბდებოდა.
სტოლტენბერგის თქმით, "რუსეთი ისევ აგზავნის უკრაინის საზღვართან იარაღს, არტილერიას, ჯარებს, ტანკებს და რაკეტებს" და "რუსეთის ხელისუფლებამ ჩაშალა სამშვიდობო შეთანხმება და დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა."
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ოფიციალური მოსკოვი დაადანაშაულა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედება საფრთხეს უქმნის სამგზავრო ლაინერებს, რადგან რუსული ავიაგამანადგურებლები თიშავენ ტრანსპონდერებს და არ პასუხობენ ავიადისპეტჩერების კითხვებზე.