"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აგრძელებს სხვადასხვა უწყებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩანერგილი თანამშრომლების, ე.წ. "ოდეერების" მონიტორინგს.
ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივი მაუწყებელში, გამწესებული "ოდეერების" შესახებ გაავრცელა ცნობები.
2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად თამაზ რატიანიძე (დაბადებული 08/07/1974) შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონალური მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც თამაზ რატიანიძემ 2013 წლის 21 თებერვალს, როგორც მოქმედმა თანამდებობის პირმა შეავსო ის უკვე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი ირკვევა, რომ 2013 წლის 15 თებერვალს თამაზ რატიანიძე განათლების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა, ანუ თამაზ რატიანიძე პარალელურად ორ თანამდებობას იკავებდა, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე განათლების სამინისტროებში. 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით თამაზ რატიანიძის შრომის ანაზღაურებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში 13 258, ხოლო განათლების სამინისტროში 25 810 ლარი შეადგინა. თამაზ რატიანიძეს განათლების სამინისტროში 2013-2014 წლების პერიოდში მიღებული აქვს ასევე პრემია.
თამაზ რატიანიძე განათლების სამინისტროში თანამდებობას 2014 წლის 21 იანვრის ჩათვლით იკავებდა, რასაც მის მიერ როგორც სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, როგორც ყოფილი თანამდებობის პირის მიერ 2014 წელს შევსებული დეკლარაცია ადასტურებს. განათლების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თამაზ რატიანიძე სამსახურის მისამართის გრაფაში უთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართს, კერძოდ თბილისი, ვაჟა ფშაველას 72, რომელიც მოდულის შენობის მისამართია.
თამაზ რატიანიძის მიერ შევსებული დეკლარაციების თანახმად ასევე ირკვევა, რომ მისი მეუღლე განათლების სფეროში საქმიანობს, კერძოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელია.
თამაზ რატიანიძის მიერ პარალელურად ორი თანამდებობის დაკავებით დაირღვა საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" მე-13 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად:
"თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში."
თამაზ რატიანიძის შემთხვევამ ცალსახად აჩვენა ე.წ. "ოდეერის" პრაქტიკის მანკიერი სახე. პირველი, თავად ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ამწესებს თავიანთ თანამშრომლებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შსს-ს თანამშრომლის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში თანამდებობის დაკავება ხდება. და მეორე, სამწუხაროდ არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რის საფუძველზე შესაძლებელია გადამოწმდეს თანამდებობის პირთა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. აღნიშნულის შესახებ ჩვენი ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია რაც საუბრობს, სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა აქტიური ნაბიჯის გადაგდა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას და განსაკუთრებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შეისწავლოს ამ მანკიერი ინსტიტუტის ლეგიტიმურობის საკითხი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ხელყოფს.