"ვითხოვ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, შეიძლება ვინმეს დაავალა, რომ ეთქვა ჩემთვის სიმართლე და არ მეუბნებიან. გთხოვთ, რომ იქნებ თქვენ მაინც მიიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე ჩემი სათქმელი. რატომ არ მხვდება, იქნებ მიპასუხოს", _ ეს სიტყვები ანაკლიაში დაკარგულ გოგიტა აბულაძის დედას, ცინარა აბულაძეს ეკუთვნის.
"გურია ნიუსმა" მოახერხა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გაუჩინარებულ გოგიტა აბულაძის საქმის შესახებ ჰკითხა.
"მე მახსოვს ქალბატონი, რომელიც ეძებდა და ეძებს დაკარგულ შვილს. მე მინდა შეგახსენოთ, სანამდე გადავალ პასუხზე – ჩვენ გამოვიძიეთ რამდენიმე საქმე დაკარგული ადამიანების, რომლებიც გაიტაცეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დავალებით, ეს გამოძიებით დადგენილია და სასამართლომ მიუსაჯა კიდევაც მათ სასჯელი.
უგზო უკვლოდ დაკარგული, გაუჩინარეული ადამიანების დაახლოებით, 150-ია. გაიტაცეს ადამიანები და პირდაპირ მნიშვნელობით მოკლეს და გადააგდეს, ზოგი წყალში, ზოგი დამარხეს, ასეთ არის უამრავი. კუდ-ის თანამშრომლები, უფროსები, პირდაპირი მნიშვნელობით ხოცავდნენ ამ ადამიანებს. რამდენიმე საქმე გამოვიძიეთ და კონკრეტული პირები მივეცით პასუხისგებაში. ახლა არ მინდა გავიმეორო და საზოგადოება დავძაბო. მინდა, შეგახსენოთ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირი მნიშვნელობით ტერორისტულ აქტებს უგეგმავდნენ საკუთარ მოსახლეობას", _ განაცხადა პრემიერმა..
რაც შეეხება გოგიტა აბულაძის საქმეს, პრემიერი აცხადებს, რომ "ეს ძალიან მძიმე საკითხია, ანალოგიურად ისიც გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ამაშიც ჩართულები იყვნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები".
"_ გამოძიება მიმდინარეობს, უბრალოდ, ჩვენ გაგვიმართლა წინა შემთხვევებში. იმიტომ, რომ სხვა საქმეებზე კონკრეტული მოწმეები ვიპოვნეთ. ამ შემთხვევაში, გამოძიება გაჭიანურდა, რომ უფრო მეტად რთული საქმე აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით გამოძიება გრძელდება და ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას და ძალიან გთხოვთ მიმართოთ სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვიწოდებ, რომ ოჯახის ინფორმაცია მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", _ აღნიშნა "გურია ნიუსის" კითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა.