საფრანგეთის დედაქალაქ პარიზთან ახლოს, ფოსტის შენობაში თავდამსხმელია შეჭრილი, რომელსაც სულ მცირე სამი მძევალი ჰყავს აყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, უცნობმა მამაკაცმა ქალაქ კოლომბოს პოლიციაში დარეკა და ფოსტაში მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თავდამსხმელი "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით არის შეიარაღებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები თავდამსხმელთან კონტაქტის დამყარებას და მოლაპარაკების დაწყებას ცდილობენ.
პოლიციას მომხდარისთვის ჯერ არც ტერაქტის კვალიფიკაცია მიუნიჭებია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გასულ კვირას მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით სპეცსამსახურებმა 12 პირი დააკავეს.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ეჭვმიტანილებს კავშირი ჰქონოდათ „შარლი ებდოს” რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან ლოგისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენით, როგორიცაა თავდამსხმელების ავტომობილებით ან იარაღით უზრუნველყოფა.
რეიდები ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.
დღესვე პარიზის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურში განგაში გამოცხადდა. სადგურში აღმოჩენილი საეჭვო პაკეტის გამო სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
პარალელურად, გერმანელმა სამართალდამცველებმა დღეს ჩატარებული რეიდის შედეგად ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ძალოვანთა განმარტებით, ერთ-ერთი დაკავებული თურქებისა და რუსების ექსტრემისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობაშია ეჭვმიტანილი. ისინი, სავარაუდოდ, სირიის სახელმწიფოზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. გამოძიება გერმანიის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის მზადებას გამორიცხავს.
ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბელგიამ, უსაფრთხოების მასშტაბები გაზარდა.
გადაწყვეტილება ბელგიის მთავრობამ გუშინ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ მიიღო.
"მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერორიზმის მესამე დონე გამოვაცხადოთ. კონკრეტული საფრთხის შესახებ ვერაფერს გეტყვით. თუმცა ქვეყანაში გაიზრდება დაცვისა და უსაფრთხოების მასშტაბები," _ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა.
ბელგიის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დრო ორი ჯიჰადისტი მოკლეს, მათი მესამე თანამზრახველი კი პოლიციამ დააკავა.
ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით ქალაქ ვერვიეში მოხდა.
ვრცელდება სპეცოპერაციის ამსახველი კადრები, სადაც ორმხრივი სროლის ხმა ისმის.
პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, მესამე დონე გამოაცხადა.
სამართალდამცველებს ამ სამ ადამიანზე ეჭვი მათი სირიიდან დაბრუნების გამო გაუჩნდათ. ისინი, პოლიციის ინფორმაციით, ფართომასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდნენ.
ანტიტერორისტულ ოპერაციას წინ უძღოდა გუშინ ბრიუსელში ერთი პირის დაკავება, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ტერაქტებში მონაწილე აჰმედ კულიბალის იარაღი მიჰყიდა.
ბელგიური მედიის ცნობით, ეს სწორედ ის საბრძოლო იარაღია, რაც კულიბალიმ საფრანგეთში ტერაქტისას გამოიყენა. თუმცა, მოგვიანებით პროკურორმა ეს ინფორმაცია უარყო.