მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის, გურამ ანსიანის მიერ წამოყენებულ იქნა ინიციატივა, რომლის თანახმადაც საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასზე პრემიის სახით დანამატის არანაკლებ 50% საახალწლო საჩუქრის ფორმით სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის უნდა დაერიგებინათ.
ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრებმა, აქციაც დაიწყო და სოციალურად დაუცველებს 50-50 ლარი გადასცეს.
შესაბამისი ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე 12 იანვარს გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციაში დაკონკრეტებული იმ ადამიანების ვინაობა, რომლებსაც დახმარება გაეწიათ. სახელ-გვართან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნული პირების პირადი ნომრების გამოქვეყნა.
კანონის თანახმად პირის წერილობითი თანხმობის გარეშე პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება დაუშვებელია.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პირადი მონაცემები ეჭვების გასაქარწყლებლად გამოაქვეყნეს:
_ ვინმეს ეჭვი რომ არ შეეტანა ჩვენს მიერ განხორციელებული აქციის სისწორეში, გამოვაქვეყნეთ პირადი ნომრებიც. შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ასე არ მომხდარა, ამიტომ გადასამოწმებლად სრული მონაცემები დავდეთ. თუ არასწორია და არ შეიძლება, მეტს არ ვიზამთ, _ დაგვიზუსტა ანსიანმა.