საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოაგდოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
ასევე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
რუსთავი 2-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა – არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
შეგახსენებთ არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო – 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.