შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ "MIA FORCE"-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ევროპის ჩემპიონატი 6 ეტაპად ჩატარდა. ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომებმა უმასპინძლეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დათა ქაჯაიამ პროფესიონალურ TC2T კლასში იასპარეზა და შეჯიბრის ხუთი ეტაპი წარმატებით გაიარა. ჩემპიონატის ფინალურ, ენა პერგუზას (იტალია, სიცილია) ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა წრე 1 წუთსა და 49 წამში დაფარა და ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჩემპიონატის ფარგლებში, კლუბ "MIA FORCE"-ის პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი "Engstler Motorsport"-ია, რომელმაც ქართველი სპორტსმენის სათანადო მომსახურება უზრუნველყო.