საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ოზურგეთში სახალხო დამცველის გურიის ოფისი გახსნა.
ოფისის გახსნაზე გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ასეთ ვიწრო წრეში მოხდა სახალხო დამცველის წარმომადგენლობის ოფისის გახსნა. ჯერჯერობით ერთი ოთახი გვაქვს, მაგრამ გვაქვს იმედი ეს დროებითი იქნება და უფრო გავიზრდებით. ოფისის გახსნამდე ყველანაირად ვცდილობდით, მოსახლეობის წერილებზე და პრობლემებზე რეაგირება მოგვეხდინა. სულ სამი თვეა დაახლოებით, რაც ჩვენ საკონტაქტო პირი დავნიშნე გურიის რეგიონში, მაკა მალაყმაძე." _ თქვა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელი გახდა ოფისის გახსნა, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება მოვიდნენ და გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციები მიიღონ.
" შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მეტად გავაქტიურდებით და მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება." _ აღნიშნა ნანუაშვილმა.
გია სალუქვაძის თქმით, ხელისუფლებას ოფისთან ძალიან ინტესიური ურთიერთობა ექნება.
"მე პირადად კარგად ვიცი, რა არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ახლა მომეცა საშუალება და მინდა ბატონ უჩა ნანუაშვილს მადლობა გადავუხადო, მისი ღვაწლისთვის იმ პერიოდში, როცა პოლიტპატიმრებისთვის ის იჩენდა საკმაოდ მძაფრ პოზიციას, რომელიც სახელმწიფოებრივი შეიძლება ეწოდოს. გარკვეულ წილად თქვენი დამსახურებაც არის, რომ 2013 წლის 13 იანვარს მე გავთავისუფლდი ციხიდან.
გურიაში არის პრობლემები, უფრო მეტად ეს ეხება სოციალურ ფონს, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება. მთავარია ადამიანის უფლებები არ შეილახოს, მთავარია არ განმეორდეს ის სისტემური დანაშაული, რომელსაც ადრე ჰქონდა ადგილი." – თქვა გია სალუქვაძემ.
სახალხო დამცველმა ოფისის გახსნაზე გურიის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილა და ოზურგეთის მერს, გურიის გუბერნატორს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ოზურგეთის გარდა სახალხო დამცველის ოფისები მოქმედებს ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში. ამასთან, სახალხო დამცველს სხვადასხვა რეგიონში ყავს საკონტაქტო პირები, რომლებიც უფლებათა დარღვევების ფაქტების არსებობის შემთხვევაში აქტიულ რეჟიმში თანამშრომლობენ ომბუდსმენის ოფისთან.