საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ოჯახის საკუთრებაში სამი ბინა, საცხოვრებელი სახლი, ორი მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხია. ამის შესახებ ნანუაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 9 თებერვალს შეავსო.
კერძოდ, უჩა ნანუაშვილის საკუთრებაშია თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში მდებარე 32.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და ამავე მისამართზე 17.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში 33.00 კვ.მ-ის ფართობის ბინის მფლობელი კი მისი მეუღლე, ირმა მამასახლისია. მამასახლისი ასევე ფლობს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას მშენებარე კორპუსში.
ნანუაშვილის 100%-იან საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ბორჯომში, რომლის საერთო ფართობიც 760 კვ.მ-ია; ასევე, ამავე მისამართზე მდებარე 130.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს.
რაც შეეხება სახალხო დამცველის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს უჩა ნანუაშვილს 101 300.00 ლარის შემოსავალი ჰქონდა; მისმა მეუღლემ ირმა მამასახლისმა კი, ააიპ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერის თანამდებობიდან 11589.80 ლარი, ხოლო "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ვებ-რედაქტორის პოსტიდან 3781.02 ლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში, უჩა ნანუაშვილის მიმდინარე ანგარიშზე "თი-ბი-სი" ბანკში 6241.54 ევრო; სახელფასო ანგარიშზე ამავე ბანკში 6077.31 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე – 946.32 ლარი და 1862.37 დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე – 553.84 დოლარი იყო;
ირმა მამასახლისს კი, "თი–ბი–სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2468.30 ლარი, ხოლო ანაბარზე 1402.51 დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ირმა მამასახლისმა 2015 წლის 3 აგვისტოს, მიწის ნაკვეთის შესაძენად 10000.00 ლარი გადაიხადა.