"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ქვემო ქართლელი პოლიციელების მასობრივი დანიშვნა მიმდინარეობს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, დეპარტამენტის დირექტორმა კახა მურადაშვილმა გურიის პოლიციაში ხელმძღვანელ პირებად თავისი გუნდის წევრები მოიყვანა. გურული პოლიციელები აღნიშნული ფაქტით შეწუხებულები არიან. პოლიციის შეფი კი "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივების დაქვეითებას, გაუხსნელი დანაშაულებების სიმრავლით ხსნის.
ჩოხატაურის პოლიციის უფროსად ზურაბ მუჯირიშვილი დაინიშნა, მან ამ პოსტზე დავით წულაძე შეცვალა, ვაკანტურ ადგილზე, ჩოხტაურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის პაატა ხარაბაძის ადგილი კონსტანტინე ესებუამ , ჩოხატაურში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის პოსტი კი ვინმე გიორგი მაღალდაძემ დაიკავეს.
ლანჩხუთის პოლიციის უფროსის პოსტზე დავით წულაძემ მანუჩარ ნიკოლაძე შეცვალა, ნიკოლაძე ქუთაისში ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილედ კი, თენგიზ ადამია დანიშნეს.
ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილედ მურადაშვილმა ასევე მისი კადრი კახაბერ ბერუაშვილი მოიყვანა.
ოზურგეთში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი არტურ მნაცაკანი გახდა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კახა მურადაშვილმა თავისი ნათესავი გიგა ქრისტესაშვილი სუფსის განყოფილებაში დანიშნა.
დეპარტამენტის დირექტორის კახა მურადაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ წარმოშობით თბილისელი სერგი ბზიშვილი დაინიშნა. აქამდე, ბზიშვილი შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი სოსო სულაბერიძე; აღნიშნულ პოსტზე გიორგი კვირჩილაძე მუშაობდა.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტი თბილისელმა თემურ სხირტლაძემ დაიკავა. ის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ასევე იყო დეტექტივების განყოფილების უფროსიც.
საკადრო ცვლილებები შეეხო რაიონული სამმართველოების უფროსების მოადგილეებსაც.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურული პოლიციელები დაქვეითებულები არიან.
დააქვეითეს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ ცერცვაძე, რომელიც ამავე სამმართველოში დეტექტივად გადაიყვანეს, ხოლო ჩოხატაურის პოლიციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე პაატა ხარაბაძე ოზურგეთში დეტექტივის თანაშემწედ დანიშნეს, მათ შორის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ირაკლი შავიშვილიც. ის ლანჩხუთში დეტექტივის თანაშემწედ გადაიყვანეს.
თანამდებობებს ამ ეტაპზე ინარჩუნებენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსების სხვა მოადგილეები, გიორგი შარაშენიძე და ზაზა დოლიძე.
საკადრო ცვლილებების მოლოდინშია ლანჩხუთის რაიონული სამმართველოც, ჯერჯერობით დაქვეითებულია სუსფის განყოფილების უფროსი გიგინეიშვილი.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები კვლავ გაგრძელდება.
"გურია ნიუსმა" არაერთხელ სცადა კომენტარის მოპოვება გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისგან, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შსს პრესსამსახურში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.