ქალაქი ოზურგეთი საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი "კავკასია 2016" -ის ერთ-ერთი მასპინძელია.აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად ლატვიის, ინდოეთის, რუსეთისა და სომხეთის ანსამბლები იღებენ მონაწილეობას.
3 ივლისს ქალაქ ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრში სტუმრებმა და ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა კონცერტი გამართეს.
ღონისძიების დაწყებამდე "კავკასია 2016"-ის ორგანიზატორები და ფესტივალის უცხოელი მონაწილეები ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და მერის მოადგილემ კობა დუნდუამ მიიღეს.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ რეზო ჭანიშვილს და ფესტივალის ყველა მონაწილეს"– განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ქორეოგრაფიული ფესტივალი "კავკასია" უკვე მეექვსე წელია ტარდება. წელს მისი მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ოზურგეთის, ფოთის, ლანჩხუთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები არიან.
7 ივლისს "კავკასია 2016" დასკვნითი კონცერტით ლანჩხუთში დაიხურება.
(R)