პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
როგორც კობახიძე განმარტავს, საქართველოსგან წარდგენილ კანდიდატებს შესაბამისმა კომიტეტმა მოუსმინა და კენჭისყრა იანვრისთვის გადაიდო, რადგან მოქმედ მოსამართლეს ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა თებერვლამდე აქვს.
მისივე თქმით, როდესაც რომელიმე ქვეყნის სიის დაწუნება ხდება, პირდაპირ მიიღება გადაწყვეტილება, რომ სია არის დაწუნებული და ქვეყანამ ახალი სია უნდა წარადგინოს, რასაც ამ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
”გუშინ, პარიზში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელიც ევროსასამართლოში მოსამართლეთა არჩევის საკითხებს იხილავს. კომიტეტის სხდომას კომიტეტის წევრი ეკა ბესელია ესწრებოდა. იქ მოუსმინეს სამივე კანდიდატს, რომელიც საქართველოდან არის წარდგენილი. არავითარ სიის ჩაგდებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, კენჭისყრა გადაიდო იანვრისთვის, რადგან მოქმედ მოსამართლეს ნონა წოწორიას ვადა თებერვლამდე აქვს. ალბათ ევროსასამართლო თავად გაავრცელებს პრესრელიზს. კომიტეტის სხდომის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ინფორმაციები არის კონფიდენციალური. საკითხის პოლიტიზირებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან აქ საქმე ეხება ქვეყანას და არა რომელიმე პარტიულ სიას”, _ აცხადებს მანანა კობახიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს და გამორიცხული არ არის, კომიტეტმა თბილისის მიერ წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს მთავრობამ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარადგინა.
ამავე თემაზე: