„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლობა „ქართული ოცნებიდან“, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს შოთა ჩხაიძეს სურს. ჩვენი წყაროს თქმით, მას ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ლობირებს.
ლობისტებზე არ საუბრობს, თუმცა, მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გვიდასტურებს თავად შოთა ჩხაიძე და ამბობს, რომ გამგებლობაზე ფიქრობს:
„არ ვიცი, ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული. მხოლოდ ის მითხრეს, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა,“ _ გვითხრა ჩხაიძემ.
_ ბატონო შოთა, ჩვენი ინფორმაციით, დეპუტატი გიჭერთ მხარს…
_ მე არავინ მიწევს ლობირებას.
_ მაშინ ვინ და სად განიხილავს თქვენს კანდიდატურას?
_ ზოგადად (?!), როგორც თქვენ გაიგეთ, ისე გავიგე მეც.
_ ჩვენ ისიც გავიგეთ, რომ ძალიან გინდათ ამ თანამდებობის დაკავება.
_ ვნახოთ, რა იქნება. ჯერ ადრეა.
_ როგორ ფიქრობ, თქვენი წარსული გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გამგებელი გახდეთ?
_ ხომ გეუბნებით _ არ ვარ ჩამოყალიბებული და როგორ გითხრათ?!
_ ბახმაროს მიწებზეც არ შეგიძლიათ რამე გვითხრათ?
_ რა შუაში ვარ ბახმაროს მიწებთან?! შეხება არ მქონია!
_ იმ პროცესში, როცა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში, სამი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვები, მოქალაქეების დაშანტაჟება, რასაც მერე ამ ადამიანების მხრიდან საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება მოჰყვა, თქვენ ჩართული არ ყოფილხართ?
_ არა, საერთოდ შეეხება არ მქონია მაგ საქმესთან და არც არავის დაუძახია.
_ სხვა რამეს ამბობენ ადამიანები, რომლებსაც იმ დღეებში ქონება წაართვეს.
_ საერთოდ არ მიმიღია მაგ პროცესში მონაწილეობა…
_ ოპოზიციონერების დაკავებების, ქათმის ბუდეებში ავტომატის მჭიდების „აღმოჩენის“ პროცესებმაც უთქვენოდ ჩაიარა?
_ მაგ დროს საერთოდ არ ვმუშაობდი _ 2010 წლის ოქტომბერში დავტოვე თანამდებობა.
_ მაგ დროს პოლიტიკური ნიშნით დაკავებები დასრულებული იყო…
_ მე მაშინ ლანჩხუთში არ ვმუშაობდი _ ოზურგეთში ვიყავი.
_ ვიცით და იმიტომაც გეკითხებით _ ოზურგეთში დგებოდა ოქმები, იქ კეთდებოდა შეთანხმებები იმ სისტემის მიერ, რომელსაც თქვენ ემსახურებოდით და რომელიც თქვენ არასდროს გაგიპროტესტებიათ…
_ რა პროტესტი უნდა მეთქვა? მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება და წავედი სამსახურიდან.
_ წახვედით თუ გაგიშვეს?
_ ვუთხარი, მივდივარ,-თქო და წავედი. აბა, ალიაქოთს ხომ არ ავტეხდი?!
_ მაშინ, როცა უკანონო დაკავებები ხდებოდა, მაშინ, როცა ადამიანებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა იმ შენობაში, სადაც თქვენ მუშაობდით, მაშინ, როცა იმ ადამიანების ოჯახის წევრებს დევნიდნენ, რომლებთან ერთად მუშაობის სურვილიც დღეს გაქვთ, არ უნდა გამოგეხატათ პროტესტი?
_ რას ჰქვია, ხმას ვიღებდი და არ ვიღებდი?! რა უნდა ამომეღო?! რაც არ მეკითხებოდა, იმაში არ ვერეოდი. არ მქონია მაგ ადამიანებთან შეხება. არ ვიცი, იქ ვინ რას აკეთებდა. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი.
_ იმ პერიოდში პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა თუ არა?
_ კაი, რა! მე ჩემი საქმე ვიცი და ჩემსას ვაკეთებდი.
_ მაშინ ილია ჯალაღანია იყო მთავარი პროკურორი… მისგან იღებდით პოლიტიკურ დაკვეთას?
_ ილია ჯალაღანია რას აკეთებდა, შოთიკო ჩხაიძემ საიდან უნდა იცოდეს?! მე ჩემი კონკრეტული საქმე მქონდა მაშინაც და ახლაც ასეა.
_ ქვეყანაში რომ ასეთი უსამართლობა ხდებოდა და ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი პროკურატურა იყო, თქვენი საქმე არ იყო?
_ რა ხდებოდა?! ჩემი გასარკვევი ეგ არ იყო. დავწერე განცხადება და წავედი სახლში. თუ რამე ხდებოდა, ყველა აგებს პასუხოს მის ნამოქმედარზე. თუ ვინმეს ჰქონდა გადაცდენა, ყველა აგებს პასუხს.
_ აწი აგებს?
_ თუ ვინმეს აქვს, თავისთავად. არავინ არ დარჩება დაუსჯელი.
ჩვენ ჩხაიძეს იმ კონკრეტულ საქმეებზეც ვთხოვეთ კომენტარი, რომლებშიც მისი გვარი ფიგურირებს და რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა. მან თავდაპირველად ეს საქმეები ვერ გაიხსენა, თუმცა, შემდეგ აღნიშნა, რომ ყველაფერში მართალია. მისივე თქმით, ბრალდებები ყველას მიმართ შეიძლება იყოს:
_ მასე თქვენც ბევრი რამე გბრალდებათ, _ შანტაჟზე გადმოვიდა გამგებლობის მსურველი პროკურორი.
_ კონკრეტულად?
_ გეტყვით, რაც გბრალდებოდათ _ ბევრი რაღაცეები.
_ გელოდებით, დააკონკრეტეთ! თქვენ პროკურორი ხართ და როცა ვინმეს დანაშაულში ბრალს დებთ, უნდა დაასაბუთოთ და კანონის თანახმად იმოქმედოთ.
_ მე გეუბნებით, რომ შეიძლება რამე თქვენც გბრალდებოდეთ,-თქო.
_ ბატონო შოთა, მე ჟურნალისტი ვარ, გირეკავთ კომენტარზე და კანონის სრული დაცვით ვიწერ თქვენს საუბარს. ამ საუბრისას მეუბნებით, რომ ჩემს მიმართ არსებობს ბრალდებები. თქვენ შეიძლება მიჩვეული ხართ ჩვენებების შეცვლას, მაგრამ მე არა _ ამიტომ, მოვითხოვ თქვათ, რაზეა საუბარი და საქმეს მისცეთ შესაბამისი მსვლელობა… წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევ, რომ თქვენი მხრიდან შანტაჟს აქვს ადგილი, რადგან აბსურდულ ბრალდებებს მიყენებთ მას შემდეგ, რაც თქვენის წარსულზე კითხვები დავსვი…
_ მე არ მითქვამს, რომ ბრალდებები მაქვს _ მე გითხარით, რომ შეიძლება იყოს,-მეთქი. აბა რაღაც ათი წლის წინანდელ ამბებს მახსენებთ და რა მახსოვს მასე?! მე ყოველთვის კანონის შესაბამისად ვმოქმედებდი, არაფერი დამიშავებია და რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას?
_ მე კითხვებს ვსვამ იმ კონკრეტული მასალებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს არქივში ინახება..
_ მე გეუბნებით, რომ არ ყოფილა მსგავსი რამ.
_ თქვენ ისიც მითხარით, რომ ჩემს მიმართაც არსებობს ბრალდებები, თუმცა, ერთი წუთიც არ დაგჭირდათ თქვენივე ნათქვამის შესაცვლელად… მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი მაქვს…
_ მე ის გითხარით, რომ შეიძლება თქვენზეც იყოს ბრალდებები და მაგას გადამოწმება უნდა და მასე შეიძლება თქვენზეც ამბობენ,-მეთქი (?!), _ შეცვლილ „ჩვენებას მიაწვა“ გამგებლობის მსურველი პროკურორი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პროკურატურის მუშაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან „სხვის საქმეში ჩახედვის უფლება არ ჰქონდა“.
თუმცა, როგორც ჩანს, პროკურორი ფიქრობს, რომ შანტაჟის ენის საუბრის უფლება აქვს და არ იცის, რომ მისი სიტყვების დადასტურება მას პირველ რიგში იმ უწყებაში მოუწევს, სადაც ამჟამად მუშაობს და რომელსაც აქვე საჯაროდ მივმართავ _ დაიწყონ გამოძიება შოთა ჩხაიძის განცხადებაზე, დაადგინონ, რა ბრალდებები არსებობს ჩემს მიმართ და რატომ არ იქნა ის ამ დრომდე გამოძიებული!
ამავე თემაზე: “ჯართში ჩაბარებული კოლექტივის სასწორი, კაცს ცხოვრების ფასად დაუჯინეს”