საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ, საპარლამენტო განხილვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია განცხადებები, რომლებშიც უცენზურო სიტყვები და გამოთქმებია.
,,ვისურვებდი, რომ მეტი საგნობრივი დისკუსია ყოფილიყო, აქცენტი პრობლემებზე გაკეთებულიყო. ცხადია, ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, არ აქვს მნიშვნელობა, პოზიციის თუ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს უცენზურო და სალანძღავ სიტყვებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, _ განაცხადა სალაძემ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატის განცხადებები იყო პრობლემებზე ორიენტირებული.
„ამ ფონზე იშვიათი გამონაკლისი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატის განცხადებები, რომელიც რეალურად იყო ორიენტირებული პრობლემებზე. იმ გამოწვევებზე, რომელზეც ქართული სახელმწიფო დგას, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დაკავშირებულ საკითხებზე“, _ განაცხადა მან.
სალაძემ სურვილი გამოთქვა, რომ უფრო საგნობრივი დისკუსია იმართებოდეს, ვიდრე ადამიანებმა და მედიამ აქცენტი გააკეთოს ერთმანეთის შეურაცხყოფისკენ მიმართულ მოვლენებზე.
„ვფიქრობ და ვისურვებდი, უფრო საგნობრივი დისკუსია ყოფილიყო ამ ფორმატში და ნაკლებად ჰქონოდეს მედიას, ზოგადად, ადამიანებს, იმის საშვალება, რომ ძირითად აქცენტი ისეთ მოვლენებზე იყოს გადატანილი, რომელიც ლანძღვაზე და ერთმანეთის შეურაცხყოფაზე იქნება მიმართული“, _განაცხადა სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
მელიამ კვირიკაშვილს უნიათო უწოდა. პრემიერმა კი მას უცენზურო სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი ღირსების დაცვაა.