„ქალბატონ ნინო წილოსანს მივმართავთ და მოვუწოდებთ, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საქმის დეტალების მიზანმიმართულად დამახინჯებისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ, რომ სარჩელს ცილისწამებისთვის სასამართლოში შევიტანთ.
ეს ეხება ყველა სხვა პირსაც, რომლებიც „ბახალას“ საქმესთან მიმართებაში ღირსების შემლახავ სიცრუეს ავრცელებენ!“, – ამის შესახებ facebook-ზე გიორგი გიორგანაშვილის მეუღლე ანა ჩადუნელი წერს.
„მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა“,- ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაწერა.
„საინტერესოა მოიკითხეს თუ არა საზოგადოების აღშფოთებულმა წევრებმა რის გამო მიესაჯა გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 8 წელი და ვინც დაინტერესდა, იმან რა იფიქრა – ის 45 აბი ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა თუ ის 843 აბი, მძღოლს რომ გამოატანა, დიდი მარაგის გასაკეთებლად სჭირდებოდა? მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა. კანონი ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის ხომ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა სწორედ საზოგადოება ვართ – ყველა საკითხში „ღრმად გათვითცნობიერებული“.
თან გვიკვირს, რატომ ჰყავს ქვეყანას ამდენი ნარკოდამოკიდებული და თან პარალელურად ნარკომანიის მიმართ რომანტიკული განწყობები გვაქვს… როცა შედარება მოჰყავთ ადამიანის დაჭრასა და ასეთი დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე გათვალისწინებულ სასჯელებს შორის და მათი მსგავსების გამო აღშფოთებას გამოთქვამენ, აი, სწორედ აქ ჩანს საზოგადოების რომანტიკული დამოკიდებულება ნარკოტიკების თემის მიმართ და ზუსტად მათი მცდელობა, რომ ასეთი ტიპის შემთხევევები დაუკავშირონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, რაც მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულებას გულისხმობს”, – აცხადებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ნინო წილოსანი.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტის, „ბახალას“ ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, ჯაბა ხულორდავას საქმე (843 აბი სუბოტექსი) „ბახალას” საქმესთან კავშირში არაა.
ადვოკატის თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯაბა ხულორდავასა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეები, რომლებიც თავიდან გაერთიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიყო.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას „ბახალა“ ამბობდა, მის პროცესზე ჯაბა ხულორდავა მოწმედ იმიტომ დაკითხეს, რომ მოსამართლის თვალში მისი რეპუტაცია შეელახათ.
liberali.ge
ამავე თემაზე: მინიმალური რატომ მიუსაჯეს” _ დეპუტატ წილოსანის კომენტარი “ბახალას” განაჩენზე და დაპირისპირება ფეისბუქში