17 ივლისს, კურორტ ბახმაროში კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
გამოფენას, რომელშიც 46 ქვეყნის წარმომადგენელი 80 მეტი ნამუშევრით იღებს მონაწილეობას, ბახმაროში მდებარე „არტკაფე“ უმასპინძლებს.
კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. ფესტივლის ფარგლებში, გამოფენას პირველად კურორტ ბახმაროში მდებარე “არტკაფე“ 17 ივლისიდან 5 სექტემბრამდე უმასპინძლებს. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას 46 ქვეყნის კარიკატურისტის 80-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი.
საუკეთესო ნამუშევრებს კომპეტენტურ ჟიური გამოავლენს.
„არტკაფის“ მფლობელი, 18 წლის მარიამ ეჯიბია ამბობს, რომ კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენას თითქმის ყოველწლიურად მასპინძლობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი. საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ტარდება და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შეუძლია საიტ gigla.ge-ს ან ფეისბუკგვერდ „გიგლას“ მეშვეობით დააფიქსიროს, რომელია მისი რჩეული ნამუშევარი.
ფესტივალის ორგანიზატორია მხატვარი ბესიკ დუღაშვილი. როგორც მან გამოფენის გახსნისას განაცხადა, სასიამოვნოა ის, რომ ხუთი წლის მცდელობის შემდეგ საქართველოში მოხერხდა კარიკატურის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება: „კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან კარიკატურა არ არის მხოლოდ ნახატი _ კარიკატურა ასახავს პიროვნებებს, მოვლენებს იუმორით და ისეთი სიმართლით, რის ხმამაღლა თქმაც ადამიანებს ხშირად უჭირთ. სამწუხაროა, რომ ის რაც მარტივად გაიგო 18 წლის მარიამ ეჯიბიამ, გაუგებარი აღმოჩნდა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ისე ცნობილი ბრენდებისთვის. ფესტივალით მხოლოდ კომპანია „კოკა კოლა“ დაინტერესდა, რომელმაც ფესტივალი უფასო გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყო.
გამოფენა ბახმაროში 5 სექტემბრამდე გასტანს.