პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. სამივე პარლამენტში ის თავისი ორიგინალური გამონათქვამებით ახალისებდა კოლეგებს, მისი ლექსები კი ხშირად უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა, თუმცა – არა ყველასთვის.
„იმელის” პარლამენტის წევრი იყო ქართლოს ღარიბაშვილიც. ადვოკატი პარლამენტში თავისი განუყრელი ჩიბუხით დადიოდა. ესენგეში შესვლის შემდეგ მას ზვიადისტებმა ესენგოსა ღარიბაშვილი შეარქვეს.
ერთ მშვენიერ დღეს ჯანსუღ ჩარკვიანი თავისთვის მშვიდად დადიოდა „იმელის” პარლამენტის ფოიეში. მასთან უცნობი მანდილოსანი მივიდა და ჰკითხა, ქართლოს ღარიბაშვილის ოთახს ხომ ვერ მიმასწავლითო. ჯანსუღ ჩარკვიანმა მანდილოსანს უთხრა, ხომ იცით, რა უცნაური კაცია ეგ ღარიბაშვილი, ხელში სულ ჩიბუხი უკავია და თავისი სამუშაო კაბინეტის კარზეც ჩიბუხის სურათი უკიდიაო. მანდილოსანმა ჩარკვიანს მადლობა გადაუხადა და ჩიბუხიანი კარის მოსაძებნად წავიდა. მალევე იპოვა, შიგნითაც შეიხედა და ატყდა კივილი…
ჯანსუღ ჩარკვიანი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. „იმელის” პარლამენტში მამაკაცების ტუალეტებზე ჩიბუხის სურათები იყო გაკრული.