შპს “სოფლის ნობათის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
“სოფლის ნობათის“ ადვოკატის, გიორგი ხუროშვილის თქმით, 500-ლარიანი ჯარიმა ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას იმისთვის დაუწერა, რომ მათ ხელი არ მოაწერეს დასუფთავების სამსახურის მიერ შეთავაზებულ კაბალურ ხელშეკრულებას.
“მინდა გითხრათ, რომ კომპანია პირნათლად იხდის ყველა გადასახადს და ასევე, პირნათლად იხდიდა და მომავალშიც გადაიხდის დასუფთავების გადასახადსაც იმ რაოდენობით, რასაც კანონი ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე 500-ლარიან ჯარიმას, რომელიც აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასზე დაწყებულია მოკვლევა შსს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში. საქმე ეხება თანამშრომლისაგან, მუქარითა და ზეწოლით მიღებული ახსნა-განმარტების შედეგად შედგენილ ოქმს, მოქალაქე ზაზა ჟორჟოლიანი, რომელიც მუშაობს შპს “სოფლის ნობათში“, ასევე, მუშაობდა ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრში“. როგორც ბატონმა ზაზა ჟორჟოლიანმა აღნიშნა სასამართლო პროცესზე, ის დაიბარეს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ დირექტორმა თენგიზ ქუტიძემ და სიმონ სადრაძემ. მათ ხელი მოაწერინეს ახსნა-განმარტებაზე, თითქოსდა შპს “სოფლის ნობათის“ დირექტორი ნოდარ ცინცაძე ავალებდა, ნარჩენები გადაეყარა წყალში, თუ ის აღნიშნულ ახსნა-განმარტებას არ მოაწერდა ხელს, გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ჟორჟოლიანმა ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერა ახსნა-განმარტებას, ის მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან“, _ ამბობს გიორგი ხუროშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს.
სასამართლოში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს თამარ ბაქანიძე წარმოადგენდა, რომლის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით სასამართლო პროცესს მოიგებენ.
“ვთვლით, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ახსნა-განმარტებები კანონთან შესაბამისობაშია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სასამართლო მიიღებს ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და დატოვებს ძალაში ჩვენ მიერ შექმნილ ოქმებს“, _ გვითხრა თამარ ბაქანიძემ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე “სოფლის ნობათის“ საქმეზე, ცნობილი 22 ოქტომბერს გახდება.
ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრი“ თენგიზ ქუტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ჟორჟოლიანი ნაგავს წყალში ყრიდა და ამის გამო გაათავისუფლეს.
„ეს არ არის სწორი. მქონდა ინფორმაცია, რომ ზაზა ჟორჟოლიანი ნაგავს ყრიდა წყალში, რის შესახებაც გავაფრთხილე. მისგან მივიღე პასუხად, რომ ნაგავს წყალში არ ყრიდა. ამის შემდეგ ეს ადამიანი ფაქტზე წაასწრეს და ამის ფოტო მასალაც არსებობს. მე მას დავუძახე და ვუთხარი დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე“, _ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.