ჩოხატაურის საარჩევნო უბნებთან დამკვირვებლების დიდი რაოდენობაა მობილიზებული _ მათი დიდი ნაწილი მანქანაში ზის და უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავს.
ჩოხატაურის #26 საარჩევნო უბანთან მდგარ მანქანაში მყოფ ადამიანებს სიებიც კი ჰქონდათ, თუმცა, ჩვენს დანახვაზე დამალეს. კითხვაზე, რას აკეთებენ და რატომ დამალეს სია, არ გვიპასუხეს და მხოლოდ ის გაგვიმხილეს რომ ისინი “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას” წარმოადგენენ.
გადამოწმებით ირკვევა, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები სხვა უბნებთანაც ანალოგიურ სიტუაციაში დააფიქსირეს.
როგორც “გურია ნიუსს” “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ნათია ხუცურაულმა უთხრა, აღნიშნული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები მან გუთურში, საარჩევნო უბანთანაც დააფიქსირა.
ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციაში ყოფილი ძალოვნები არიან.