დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე მეურნეების ენაზე “მკვდარი სეზონი” იწყება, გაზაფხულამდე უნდა ვიზრუნოთ სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, რომელიც რაოდენობრივად არანაკლებია, ვიდრე გაზაფხულზე, აქტიურ პერიოდში.
ამჯერად ნიადაგში მავნებელთა მოსპობის საშუალებაზე გირჩევთ, რომელიც ხალხურ მეთოდებში ერთ-ერთი ყველაზე გამართლებულად მიიჩნევა.
საუკეთესო საშუალებაა ნაცარი, რომელიც ზამთრის განმავლობაში უხვად გროვდება ჩვენს ოჯახებში. ის თანდათანობით, გაცრილი სახით უნდა მოვაპნიოთ საბოსტნე ფართობზე. მოპნევა შეიძლება, როგორც გადაბარულ, ისე _ დაუმუშავებელ, მოსუფთავებულ ნიადაგზე, რომელიც, ასევე, უნდა ჩავბაროთ. ნაცარი კარგ ამინდში უნდა მოვაყაროთ და ასევე მშრალ ამინდში ჩავბაროთ. გაწვიმებას არ დაველოდოთ, რადგან ზედაპირზე დაიტკეპნება და უფრო დაგვიანებით შეერევა ნიადაგის სიღრმეს.
ნაცრის შეტანა მთელი ზამთრის განმავლობაში გავაგრძელოთ და არა ერთჯერადად, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ _ ნიადაგის ახალი ნაცრით გაჯერება იწვევს მავნებლების განადგურებას. რა თქმა უნდა, ეს ხალხური მეთოდია და ვისაც ნაცარზე მიუწვდება ხელი, რჩევა იმათთვისაა. დანარჩენ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს, სადაც კონსულტანტები სხვადასხვა პრეპარატების შესახებ სათანადო მითითებებს მოგცემთ.