ლანჩხუთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს 2019-2020 წლისთვის გაწერილი კალენდარული გეგმა.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება სოფლებში: ჭინათი, აცანა და ჭალა. გარდა ამისა, შემუშავებული პროექტის შესაბამისად, რომელიც ორ წელზეა გათვლილი, მამათის, ღრმაღელის, ომფარეთისა და ორმეთის მოსახლეობის გაზიფიცირების საკითხის მოგვარება გახდება შესაძლებელი.
“ჯამში, მარტო ამ პროექტით, ჩვენი რეგიონის გაზიფიცირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. აქედან, დაახლოებით, 22 მილიონი ლარის სამუშაოები წელს ჩატარდება, ხოლო დანარჩენი კი 2020 წლის გეგმით გახორციელდება”, _ ნათქვამია მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.