ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების „ლივერპულისა“ და „მილანის“ ვეტერან ფებურთელებს შორის დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძეც ითამაშებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ძალიან სასიამოვნოა იმავე გრძნობის განცდა, რასაც წლების წინ საპასუხისმგებლო თამაშების წინ განიცდიდა.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას „მილანში“ წარმატებულს დავარქმევდი. რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით.
მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით. ეს შეხვედრა ზუსტად „ლივერპულთან“ იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. დღეს იმართება საქველმოქმედო მატჩი იგივე შემადგენლობით, როგორც 2007 წლის მატჩში. ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ლეგენდების შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთის ცნობილი ლეგენდები: პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ, ფილიპო ინძაგი, მაიკლ ოუენი, კაკა, ჯემი კარაგერი და სხვები.
აღნიშნული მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.