„წლების განმავლობაში ნაციონალები ჩასაფრებულები ელოდებოდნენ რომ ფეხი დაგვიცდებოდა და სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას.
ბახტაძემ პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს დააკისრა და აღნიშნა, რომ სწორედ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გამოიყენა საზოგადოების გულწრფელი პროტესტი.
„ჩვენ ვისმენთ ერთიდაიგივეს – ეს არის აგრესია, შეტევა კონსტიტუციაზე. ყველანაირი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაცია. 7 წელია, ისინი ჩაუსაფრდნენ საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ქვეყანას. ნაციონალები ელოდებოდნენ რომ ფეხი დაგვიცდებოდა და სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“, – თქვა პრემიერმა.
მისივე თქმით, სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა 20 ივნისს.
„ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი თითოელი ადამიანის, თუმცა ასევე ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობდა, ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინა პროვოკაციისთვის“.
ბახტაძის თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და პასიურმა კორდონმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება და მოუწიათ შესაბამისი ზომების გატარება.