როგორც ჩანს, კორონავირუსზე გამარჯვების დღე ახლოა _ გერმანიაში საფეხბურთო ტურნირების განახლებას 9 მაისს გეგმავენ.
პირველი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო და განახლდება, ბუნდესლიგა იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 9 მაისს გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩები გაიმართება, თუმცა, მაყურებლების გარეშე.
პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდები ვარჯიშს ნელ-ნელა უკვე შეუდგნენ. ვარჯიშობენ ისინი პატარ-პატარ ჯგუფებად, შენობებს კი, სადაც ფეხბურთელები და მწვრთნელები უნდა განთავსდნენ, რეგულარულად უკეთდება დეზინფექცია, თავად სპორტსმენები კი რეგულარულად გაივლიან ტესტებს.
9 მაისს განახლდება ჩემპიონატი ფარერის კუნძულებზეც.
იტალიაში ფიქრობდნენ, რომ ჩემპიონატი შეეწყვიტათ და ჩემპიონად „იუვენტუსი“ გამოეცხადებინათ, თუმცა, 20 აპრილს სერია ა-ს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ჩემპიონატი განახლდეს, თუმცა, ამაზე თანხმობა იტალიის ხელისუფლებამ უნდა გასცეს.
ანალოგიური სიტუაციაა ესპანეთშიც _ იქ ფიქრობენ, რომ ჩემპიონატი მაისის დასასრულს ან ივნისის დასაწყისში განაახლონ, თუმცა, მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
30 მაისს ოფიციალურად განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი პოლონეთში, 14 ივნისს _ შვეციაში.
დანარჩენ ქვეყნებში ჯერ არ ჩამოყალიბებულან, როდის განახლდება მათ ქვეყნებში ჩემპიონატები, თუმცა, ცნობილია, რომ ივნის-ივლისზე ადრე ეს არ მოხდება საფრანგეთში, ინგლისსა და რუსეთში.