შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისიდან ეტაპობრივად დიაწყება სერვისების მიწოდების განახლება.
პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები.
“იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;
ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
პირებს კი, ვისაც სურთ ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა გაგზავნონ.