8 ივლისს შედგა პრემიერა და მაყურებელს საშუალება აქვს, ნახოს ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი “ანტონი“, რომელიც, სამწუხაროდ, უნიჭიერესი და გულწრფელი რეჟისორის ბოლო ნამუშევარი გამოდგა.
53 წლის ასაკში გარდაცვლილმა რეჟისორმა, ამ ფილმზე მუშაობა სიკვდილამდე სამი კვირით ადრე დაასრულა.
ფილმი დეილ აისლერის წიგნის “ბიჭი და რევოლუცია“ საფუძველზეა გადაღებული და მთავარი ღერძი ორი ბიჭის მეგობრობაა, რომელიც დიდ კატასტროფებსა და სიძულვილზე ძლიერია. მოქმედება უკრაინაში ხდება და სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების ბიჭების ცხოვრების დრამატულ მონაკვეთს ასახავს.
ფილმის დაფინანსება საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
“ოქროს გლობუსის “ და “ოსკარის“ ნომინანტი რეჟისორის ზაზა ურუშაძის შემოქმედების წარმატების “საიდუმლო“ ნიჭი და კეთილშობილება იყო, ხოლო მისი ფილოსოფია მისსავე ნათქვამ ფრაზაში გამოიხატება: “ერთი ადამიანის სიკვდილი, ერთი სამყაროს სიკვდილის ტოლფასია“. სწორედ ამ ფილოსოფიის გამომხატველია ფილმი “ანტონი“.
ავტორი: ლისა კოროშინაძე