2015 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული ქალი მოჭადრაკეები სოციალური ქსელით ავრცელებენ ღია წერილს, სადაც სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემულ ახალ დადგენილებას აპროტესტებენ.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ოლიმპიური გუნდის წევრთა ღია წერილი გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებას, (დადგენილება იხილეთ კომენტარში) რომლის მიხედვითაც ოლიმპიურ, პარაოლიმპიურ და საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულებს უორმადგებათ სტიპენდია (2000 ლარის ოდენობით). ამასთანავე, დაემატა სტიპენდიები ოლიმპიური და პარაოლიმპიური სახეობების პრიზიორებს (ვერცხლის მედალი – 800 ლარი, ბრინჯაოს მედალი – 500 ლარი). ვციტირებთ, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილის ამონარიდს: ,, საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება…“.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ საქართველოს საჭადრაკო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენის შემოქმედები, კერძოდ 2015 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები, ამავდროულად 2010 წლის ხანტი-მანსისკის და ბათუმის 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორები (III ადგილი), სავსებით სამართლიანად მიგვაჩნია გამოვთქვათ ღრმა პროტესტი ახალი დადგენილების გამოცემის გამო. ვინაიდან, დადგენილების თანახმად ყველა სპორტის სახეობა, რომელშიც ოლიმპიადა ტარდება გადაეცემა ყოველთვიური სტიპენდია სამივე საპრიზო ადგილს, საჭადრაკო ოლიმპიადის შემთხვევაში კი – ეს სიახლე შეეხო მხოლოდ პირველ ადგილოსანს (გაორმაგებული სახით, ახალი დადგენილების თანახმად).
ჩნდება ობიექტური შეკითხვა, რის საფუძველზე უგულებელყვეს ჭადრაკში ოლიმპიური ვერცხლის და ბრიჯაოს პრიზიორებისთვის სტიპენდიის დანიშვნა? ჩვენი უკმაყოფილებისა და დაუფასებლობის შეგრძნების მიზეზი ვფიქრობთ ცალსახაა. მოგეხსენებათ, საქართველოს ქალთა ოლიმპიური ნაკრები ყოველთვის გამოირჩევა თავისი სტაბილურობით ოლიმპიადებში, მსოფლიოსა და ევროპის გუნდურ ჩემპიონატებში. ამ წარმატებების მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან (ამ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონები და ოლიმპიადის ბრიჯაოს მედალოსნები) არ დანიშნულა ყოველთვიური სტიპენდია, და ახალი დადგენილების მიხედვითაც იგივე ვითარება დარჩა.
სწორედ ეს ფაქტი იწვევს ჩვენს უკმაყოფილებას და პროტესტის შეგრძნებას. ვიმედოვნებთ სამინისტრო გადახედავს, გაანალიზებს ჩვენი პრეტენზიის არსს და ობიექტურად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი ამავდროულად გახლავთ სამომავლოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანი ნაკრების შენარჩუნება. ყოველთვიური სტიპენდია კი – ნამდვილად დიდი წახალისება იქნება არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც.
საქართველოს ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების წევრები,საერთაშორისო დიდოსტატები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია.
[sexy_author_bio]