კატარის საფეხბურთო მუნდიალი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ფინალური მატჩის შემდეგ ემოციები შედარებით დაცხრა და არგენტინაში თუ ზეიმი კიდევ დიდი ხანი გასტანს, საფრანგეთშიც გულისტკივილის დავიწყებას არანაკლები დრო დასჭირდება. მაინც რა არის ფეხბურთი. 79-ე წუთამდე არგენტინის ეროვნული გუნდი საფრანგეთის ნაკრებს დამაჯერებლად უგებდა და ლოგიკას თუ მივყვებით ჩემპიონობას ელვის სისწრაფით უახლოვდებოდა. დარჩენილ თერთმეტ წუთსა და დამატებით დროში მოვლენები ისე დრამატულად წარიმართა რომ „მუნდიალი – 2022“ ის გადამწყვეტი შეხვედრა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა.
კატარის მუნდიალს კრიტიკოსები თავიდან არ აკლდა. „ზამთრის“ მსოფლიო ჩემპიონატი, კატარში არსებული გაუსაძლისი სიცხე, სამხრეთამერიკელი და ევროპელი გულშემატკივრებისათვის მიუღებელი ადგილობრივი ადათ წესები. ყველაფერი ეს ფინალური შეხვედრის დრამატიზმმა გადაწონა და სწორედ არგენტინა – საფრანგეთის შესანიშნავი დაპირისპირების გამო, „კატარი – 2022“-მა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისი ღირსეული ადგილი მოიპოვა.
ოთხი წლის შემდეგ მორიგი მსოფლიოს პირველობა გველოდება, რომელიც ერთდროულად აშშ–ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება და მონაწილეობას უკვე 48 გუნდი მიიღებს. დიდი იმედი გვაქვს რომ ოკეანისგაღმა საასპარეზოდ საქართველოს ეროვნული გუნდიც გაემგზავრება. ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და მათი თანაგუნდელების ნიჭიერი თაობა იმსახურებს რომ ქართველი გულშემატკივარი ისევე გაახაროს როგორც თუნდაც ხორვატიის, არგენტინისა ან თუნდაც მაროკოს ნაკრებებმა შეძლეს…
კატარის მუნდიალის ფინალური ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ემოციებს ვერ ფარავდა.
„ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა მოხდა. ძალიან სასიამოვნო მომენტია, წარმოუდგენელი სიამოვნებაა. დედაჩემმა და მამაჩემმა მასწავლეს, რომ არასოდეს დავნებდე, არავის წინააღმდეგ უკან არ დავიხიო, პირიქით, ყოველთვის წინ სიარული მასწავლეს. გამიმართლა, რომ აქ ვიმყოფები და მადლობელი ვარ. ვამაყობ და ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურება.
თუ ლეო მესის თამაშის გაგრძელება სურს, ჩვენი კარი მისთვის მუდამ ღია იქნება. ჩვენ მას ადგილს აუცილებლად შევუნახავთ. მას სრულებით აქვს იმის უფლება, რომ გადაწყვიტოს წავიდეს ნაკრებიდან, თუ დარჩეს. ის ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ძალაა და დიდი სიამოვნებაა ისეთი ფეხბურთელების გაწვრთნა, როგორიც ის და მისი თანაგუნდელები არიან. ყველაფერი, რასაც მესი თავის თანაგუნდელებს გადასცემს, უბრალოდ შეუდარებელია. მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მინახავს.“ – განაცხადა ლიონელ სკალონიმ.
ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„საოცარი მომენტია! შეხედეთ თასს, რა ლამაზია, ყველაზე ლამაზია. ძალიან მინდოდა მისი მოგება და მქონდა განცდა, რომ ღმერთი ამ თასს მომცემდა. ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა და ერთი სული მაქვს, არგენტინაში ჩავიდე, რათა საკუთარი თვალით ვნახო, იქ რა სიგიჟეც იქნება. ყველაფერს მივაღწიე და რაც მაკლდა, ისიც აქ არის.
ცხადია, ამ ტიტულით მინდოდა კარიერის დასრულება, მეტს ვეღარაფერს ვითხოვ, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მომცა. შთამბეჭდავია, რომ კარიერის თითქმის დასრულება ასე მიწევს. მიყვარს ფეხბურთი. მსიამოვნებს ნაკრებში ყოფნა და კიდევ მინდა, რამდენიმე თამაში მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჩავატარო“.
მოგვიანებით ლეო მესიმ სოციალურ ქსელებში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„ამაზე იმდენჯერ ვოცნებობდი, იმდენად მინდოდა, რომ ჯერ კიდევ არ მჯერა. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, ყველას, ვინც მხარს მიჭერს და ვისაც ჩვენი სჯერა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ არგენტინელებს, როდესაც ვიბრძვით და ერთიანები ვართ, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რაც მიზნად დავისახეთ. ეს გუნდის დამსახურებაა, რომელიც ინდივიდებზე მაღლა დგას. ეს არის ყველას დამსახურება, ვინც იბრძოდა იმავე ოცნებისთვის, რაც ასევე ყველა არგენტინელის ოცნება იყო. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ძალიან მალე შევხვდებით“.
საწინააღმდეგო განწყობა სუფევდა საფრანგეთის ნაკრების ბანაკში. მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა რომ ძალიან მტკივნეული მარცხი იყო და ძალიან იმედგაცრუებულები არიან.
„იმედგაცრუება ძალიან დიდია. ტურნირის დაწყებამდე და ტურნირის განმავლობაში პრობლემები შეგვექმნა. ადვილი არ იყო, მაგრამ ეს არც საბაბი არ არის. ფეხბურთელებსა და პერსონალთან ამ მსოფლიოს ჩემპიონატის გაზიარება ბედნიერებაა, ეს ყველაფერი ადამიანური თავგადასავალია და არც უნდა დავივიწყოთ. ტიტულისგან არც ისე შორს ვიყავით. 0:3 რომ წაგვეგო, სათქმელი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეულია. პირველ ტაიმში შეცვლები იმიტომ გავაკეთე, რომ კმაყოფილი არაფრით ვიყავი.
ამ წაგების მონელებას დრო დასჭირდა. გამარჯვებაც რომ მოგვეპოვებინა, პასუხს არ გაგცემდით. მთავარი საფრანგეთის ნაკრებია, ის ყველაფერზე მაღლა დგას. ახალი წლის დასაწყისში პრეზიდენტს შევხვდები, როგორც დაგეგმილია და ვნახოთ. ახლა ამაზე საუბარი არ მინდა“.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა ფინალური დაპირისპირება კრივის ბრძოლას შეადარა.
„ეს მტკივნეულია. პირველი ტაიმი მთლიანად დავთმეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და დუელები ვერ მოვიგეთ. მეორე ტაიმში მბაპემ თავისი ნიჭი გამოავლინა და ანგარიში გავათანაბრეთ. ეს მატჩი კრივის ბრძოლას ჰგავდა“.
საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც:
„პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან ჩამოვრჩით. ასეთი ქამბექი მანამდეც მომხდარა, მაგრამ ფეხბურთში მაინც იშვიათობაა. ის, რაც მბაპემ გააკეთა, დიდებულია, თუმცა, ეს მთელი გუნდის დამსახურებაცაა.
მბაპე დიდი ფეხბურთელია და ჯერ ახალგაზრდაა, ვუთხარი, რომ მხოლოდ 24 წლისაა. ის ამ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, უკვე არის მსოფლიოს ჩემპიონი, ახლა კი ფინალში გავიდა. მეც ისეთივე დამწუხრებული ვარ, როგორც ის. გუნდით ძალიან ვამაყობთ. საფეხბურთო მატჩი წავაგეთ, ეს სპორტია და ხდება. იმედი მაქვს, რომ დეშამი ნაკრებში კიდევ დიდხანს დარჩება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის მარცხს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერიც გამოეხმაურა.
„მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა. ვიცი, რა მწარეა ფინალში წაგება, იამაყეთ საკუთარი თავით“. – დაწერა რიბერიმ სოციალურ ქსელში.
არგენტინის ეროვნულ გუნდს წარმატება ფეხბურთის მეფე – პელემ მიულოცა:
„დღეს ფეხბურთი აგრძელებს თავისი ისტორიის მოყოლას, როგორც ყოველთვის ყველაზე მიმზიდველად. მესიმ თავისი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რაც კარიერის გამო დაიმსახურა. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა მბაპემ ფინალებში უკვე ოთხი გოლი გაიტანა. რა დიდებული საჩუქარი იყო ამ სპექტაკლის ყურება ჩვენი სპორტის მომავლისთვის. არ შემიძლია მაროკოს ნაკრებს არ მივულოცო წარმოუდგენელი კამპანია. მშვენიერია აფრიკის ბრწყინვალების ნახვა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმის“.
ლეო მესის, კლუბში ყოფილმა თანაგუნდელმა და ახლო მეგობარმა ლუის სუარესმა შემდეგნაირად მიულოცა:
„მეგობარო, გილოცავ! შენ ახლა მსოფლიო ჩემპიონი ხარ! ვისაც რა სურს, ის თქვას, საუკეთესო ხარ და იქნები“.
ორშაბათს, არგენტინული მედია შემდეგი სათაურებით გამოვიდა:
Ole: „თასი, როგორც იქნა, საუკეთესოს ხელშია. ლიონელ მესიმ ის ასწია“.
La Nacion: „მესის არგენტინა კატარში ცას შეეხო“.
El Tribuno: „არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია!“
Clarin: „მთელი ქვეყნის ბედნიერება. არგენტინა ჩემპიონია!“
ფრანგულ მასმედიაში დიდი იმედგაცრუება სუფევდა:
L’Equipe: „მბაპე საკმარისი არაა“.
Le Parisien: „საფრანგეთი ახლოს იყო სასწაულთან“.
Le Figaro: „დამარცხებულმა საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაკარგა“.
ულამაზო იყო არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ემილიანო მარტინესის ჟესტი დაჯილდოების ცერემონიალის დროს, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
მოგვიანებით მარტინესმა თავისი საქციელი შემდეგნაირად ახსნა:
„ეს გავაკეთე იმიტომ, რომ საფრანგეთის ნაკრების ქომაგთა ტრიბუნიდან მისტვენდნენ. ასეთი დამოკიდებულება ჩემზე ძალიან მოქმედებს“.
არგენტინული მედიის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელები გათენებამდე ზეიმობდნენ და მსოფლიო თასის გარშემო მხიარულობდნენ.
წვეულება გასახდელში შესვლიდან დაიწყო, როდესაც ფეხბურთელებმა თასთან ერთად ცეკვა დაიწყეს. ლეო მესი და ლაუტარო მარტინესი მაგიდაზე ახტნენ და შამპანურს აფრქვევდნენ, სამწვრთნელო შტაბის ერთ–ერთი წევრი კი იქვე მდგარ ნაგვის ყუთში თავითაც კი გადაეშვა.
ამის შემდეგ ლეო მესიმ თანაგუნდელებს 10 მილიონიანი ჩეკი წარუდგინა და ფეხბურთელებმა მის გარშემო დაიწყეს ცეკვა. გასახდელიდან გასვლის შემდეგ ფეხბურთელებმა მსოფლიო თასის გარშემო ივახშმეს. თასი მაგიდის ცენტრში დადეს, მის გარშემო კი წრეზე შემოსხდნენ და სხვადასხვა ტიპის კერძები მიირთვეს.
როდესაც არგენტინის ნაკრებმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონის წოდება უკვე ოფიციალურად გაიფორმა, კამერის ობიექტივში არგენტინელი გულშემატკივრებიც მოხვდნენ, რომელთა ნაწილსაც მაისური გახდილი ჰქონდა, რის გამოც მათ პატიმრობა ემუქრებათ.
„სტუმრებმა, როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა, უნდა გამოიჩინონ პატივისცემა ადგილობრივი კულტურის მიმართ და მოერიდონ გამომწვევი ტანსაცმელების ჩაცმას სახალხოდ. რეკომენდირებულია, რომ მამაკაცებს და ქალბატონებს მხრები და მუხლები დაფარული ჰქონდეთ,“ – ასეთი გახლდათ კატარის ტურიზმის სამსახურის განცხადება და მითითება გულშემატკივრის მიმართ.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი, რომელიც ვერ განხორციელდა – სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღკვეთეს.
რუსული პანკ–ჯგუფის, „Pussy Riot“–ის აქტივისტებმა ფინალის დროს მოედანზე შეჭრა სცადეს. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მათი შეჩერება მოახერხეს. „Pussy Riot“–ის აქტივისტები არგენტინის ნაკრების სათადარიგოთა სკამთან ახლოს ისხდნენ და იქიდან სცადეს მოედანზე შეჭრა.
რუსული პანკ–ჯგუფის წევრებს ამ საპროტესტო აქციით უნდოდათ, რომ ფინალის დროს ყურადღება გაემახვილებინათ უკრაინაში ომზე, რუსეთის აგრესიაზე, ასევე გაეპროტესტებინათ კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის პატიმრობა და მხარი დაეჭირათ ირანში მიმდინარე საპროტესტო ტალღისთვის.
„Pussy Riot“–მა კატარის მუნდიალზე საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე მოაწყო. ეს აშშ–ისა და ირანის ნაკრები გუნდების მატჩის დროს მოხდა – მათ ირანში ქალთა უფლებების სასტიკი დარღვევები გააპროტესტეს. დოჰაში გამართულ მატჩზე ჯგუფის წარმომადგენლებს ეცვათ მაისურები წარწერით „Woman Life Freedom“.