სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პირველ კვარტალში გახორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც გავრცელებულ მონაცემებშია ნათქვამი, ზედამხედველობის შედეგად გურიაში, შპს გეოპლანტში, რომელიც ყავისა და ჩაის გადამუშავებას, რეალიზაციას და დისტრიბუციას ეწევა, დაილუქა საწყობიდან დაბრუნებული პარტია 285,400 კგ, ხოლო ბაზრიდან გამოთხოვილი პარტიიდან 28.4 კგ.
შემთხვევა 22 მარტს მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამოღებული ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის არის გადაგზავნილი, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა.
გარდა ამისა, სეს-მა გამოაქვეყნა გეგმიური ინსპექტირების შედეგებიც. რის შედეგადაც არაკრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა არაერთ სასურსათო მაღაზიაში, კაფე-ბარში თუ ცხოველების სასაკლაოზე.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის დროს ჯარიმდება ობიექტი და უჩერდება სამუშაო პროცესი, მანამ სანამ არ აღმოფხვრის შეუსაბამობებს და გადამოწმების შედეგად არ მიეცემა მუშაობის გაგრძელების ნებართვა.
რაც შეეხება არაკრიტიკულ შეუსაბამობას, ითვალისწინებს ისეთ შეუსაბამობას, რომლის გამოც არ ხდება სამუშაო პროცესის შეჩერება. არაკრიტიკულ შეუსაბამობად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, არასწორი ეტიკეტირება.