ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის „სერია A“-ში სეზონის ბოლო შეხვედრა გამართა, რომელშიც „სამპდორია“ დაამარცხა – 2:0.
მატჩის დაწყებამდე ქართველ თავდამსხმელს „სერია A“-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:
„მადლობა ამ პრიზისთვის, მაგრამ ამას მხოლოდ მე არ ვიმსახურებდი, ეს ჩემ გუნდელებსაც ეკუთვნით, რადგან მათ გარეშე ამ პრიზს ვერ მოვიპოვებდი. მათ თავდაჯერებულობა შემმატეს, რომ გუნდს მოვრგებოდი.
საუკეთესო მომენტი უდინეში იყო, როცა დიდხნიანი სეზონის შემდეგ ჩემპიონობა გავიფორმეთ. გუნდს ოსიმენიდან დაწყებული დი ლორენცოთი დამთავრებული ბევრი ლიდერი ჰყავს. მომავალი? გულშემატკივრებს შეუძლიათ ოპტიმისტურად იყვნენ, მე მიყვარს „ნაპოლი“.
ამასობაში ნეაპოლურ კლუბს ლუჩანო სპალეტი უკვე დაემშვიდობა. კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ახალი მთავარი მწვრთნელი ჯერ შერჩეული არ ჰყავს. რამდენიმე დღის წინ საუბარი ლუის ენრიკეზე იყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნეაპოლში მუშაობაზე უარი განაცხადა.
გუშინ იტალიურ მედიაში ორი ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველად დაიწერა რომ „ნაპოლის“ იტალიის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი რობერტო მანჩინი ჩაიბარებს.
აურელიო დე ლაურენტისი მანჩინის თურმე უკვე ესაუბრა და გუნდის გეგმები და ამოცანები გააცნო.
იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პეგულამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისი ფრანგული „პსჟ“-ს შეიძლება ითქვას, უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს კრისტოფ გალტიეს დაუკავშირდა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გალტიეს სამი კლუბი დაუკავშირდა, ერთ-ერთი კი „ნაპოლი“ იყო. გალტიე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. დე ლაურენტისი ტიაგო მოტას, რაფა ბენიტესისა და სერხიო კონსეისაოს ვარიანტებსაც განიხილავს“, – განაცხადა ალფრედო პედულამ.
დიდი ხნის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია ასისტების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო იყო და ბოლო ტურის შემდეგაც მას ეს პოზიცია ვერავინ წაართვა.
ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი 10 საგოლე გადაცემით დაასრულა და სხვადასხვა პრიზთან ერთად ესეც დაიმსახურა.
მეორე ადგილზე „სერია A“-ს საუკეთესო მეპასეებში რაფაელ ლეაო, მუსა ბაროუ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ფილიპ კოსტიჩი და პიოტრ ჟელინსკი გავიდნენ, რომელთაც 8-8 საგოლე გადაცემა ჰქონდათ.
ჯერჯერობით უცნობია ნეაპოლური გუნდიდან წამსვლელი ფეხბურთელების ვინაობა. საუბარია ოფიციალურ დონეზე და არა სხვადასხვა ვარაუდებზე. რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, „ნაპოლის“ ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. ბრიტანული გუნდი მზადაა კიმში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ისინი კორეელს ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობენ სეზონში 7- მილიონევროიანი ხელფასით. ოფიციალურად გარიგება 1-დან 15 ივლისამდე გაფორმდება, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას.
ესპანეთის „ლა ლიგის“ ბოლო ტური საინტერესოდ წარიმართა – გასავარდნ ზონაში მოხვედრილი გუნდების ვინაობა ბოლო წამამდე არ იყო გარკვეული. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“, „ლა ლიგაში“ დარჩენისთვის ბოლომდე ბრძოლა მოუწია. „ვალენსია“ ბოლო ტურში „ბეტისს“ ესტუმრა, ფრე 1:1 ითამაშა და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
საბოლოო ჯამში, „ვალენსიამ“ 42 ქულით 16-ე ადგილი დაიკავა. „ლა ლიგა 2“-ში კი „ელჩესთან“ და „ესპანიოლთან“ ერთად „ვალიადოლიდი“ დაქვეითდა.
გუშინ გამოცემამ „The Straits Times“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ გამორიცხავს.
„ჯერ მინდა მომავალ სეზონში ევროზე ვითამაშო. მნიშვნელოვანია მოკლე და საშუალოვადიანი მიზნების განხილვა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. შესაძლოა, 2026-ის მუნდიალზეც ვითამაშო,“ – განაცხადა რონალდუმ.
ავტორი